მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა „მადარტის“ პროდუქციის ფასი და რა გამოწვევებია საკონდიტრო ბიზნესში

5f22b0dbe0cdc
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.20 20:40
2698
„მადარტის“ პროდუქციის ღირებულება პანდემიიდან გამომდინარე დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ფინანსური დირექტორი ბექა ბოსტაშვილი განმარტავს, ამის მიზეზი პანდემიის პერიოდში ნედლეულზე გაზრდილი ფასებია.

„ამ პერიოდში ნედლეული, რომელსაც ჩვენ წარმოებაში მოვიხმართ, ძალიან გაძვირდა, შესაბამისად ამან პროდუქტის თვითღირებულებაზე იმოქმედა“, - აღნიშნა ფინანსურმა დირექტორმა.

მისი თქმით, კომპანია უმაღლესი ხარისხის ევროპულ პროდუქტებს მოიხმარს, თუმცა დიდ მნიშვნელობას ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს.

„პროდუქტების ნაწილი ევროპიდან ჩამოგვაქვს, მათ შორის კარაქი, კაკაო და სხვა ინგრედიენტები. ზამთარში ასევე ვიყენებთ ევროპული წარმოების ხილს, რადგან ამ სეზონზე ადგილობრივ ბაზარზე არ არის ის ხილი, რომელიც წარმოებაში გვჭირდება“, - უთხრა BM.GE-ის ბოსტაშვილმა.

ფინანსურმა დირექტორმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელსაც კომპანია საკონდიტრო ბიზნესში ოპერირებისას აწყდება და აღნიშნა, რომ ქართული ნედლეულის შეძენისას ადგილობრივი პროდუქტები ბაზარზე არასაკმარისი რაოდენობით არის.

„ყველაზე მეტად დაგვეხმარებოდა ის, რომ საქართველოში შეიქმნას არამხოლოდ ხილის დამუშავებისა და გაყინვის საწარმოები, არამედ სათბურები, რომლებიც ყოველ სეზონზე ცოცხალ ხილს მოგვაწვდის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ქვეყანაში არსებობს. მაგალითისთვის, მარწყვის და ჟოლოს სათბურები რომ იყოს ოთხივე სეზონის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად შევიძენდით მათგან ხილს; დღეისთვის თითქმის 500 კგ-ის მარწყვი გვჭირდება, მიუხედავად იმისა რომ სხვა ხილსაც ვიყენებთ“, - აღნიშნა ბექა ბოსტაშვილმა და დასძინა, რომ „მადარტის“ წარმოებაში ქართულ ნედლეულს 40%-იანი წილი უკავია, მათ შორის არის ფქვილი, კვერცხი და სეზონური ხილი.