მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად - განმარტება

6166cc8b1105e
შოთა ტყეშელაშვილი
13.10.21 22:45
834
ბოლო 2 თვეში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად - 67,266 ადამიანით გაიზარდა. აქამდე დროის ასე მოკლე პერიოდში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასე მკვეთრად არასდროს გაზრდილა. 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საარსებო შემწეობის ბენეფიციართა სიაში 622,923 მოქალაქე იყო, რაც მთლიანად საქართველოს მოსახლეობის 16.7%-ია.

საარსებო შემწეობების მიმღებთა რაოდენობის ზრდის შესახებ პარლამენტში გაგზავნილი წერილით, განმარტება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ გააკეთა, რომლის თქმითაც, ცვლილება 2021 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებულ დადგენილებას უკავშირდება. კერძოდ, აქამდე, სოციალური დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს ენიშნებოდათ, თუკი ამ ოჯახის “ზღვრული ქულა” 100,000-ზე ნაკლები იყო, ხოლო 2021 წლის 1 ივლისიდან ეს ქულა 120,000-მდე გაიზარდა, რამაც იმ ოჯახების და შესაბამისად არასრულწლოვნების დაფარვა გაზარდა, რომლებიც სოციალური დახმარების მიმღებთა რიგებში აღმოჩნდნენ.

“2021 წლის 1 ივლისიდან 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვის ბენეფიტის ოდენობა, ხოლო ამ ბენეფიტის მისაღები ზღვრული ქულა 100 000-დან 120 000-მდე განისაზღვრა. შესაბამისად, გაიზარდა ბავშვის ბენეფიტის მიმღები ოჯახების რაოდენობაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია შემწეობის მიმღებ ოჯახებთან მიმართებაში ადმინისტრირების პროცედურების შეჩერებასთან, ახალი მოწყვლადი ოჯახების იდენტიფიცირების გამარტივებულ წესებთან და ასევე, ბავშვის ბენეფიტის მისაღებად საჭირო ქულის (100 000-დან 120 000-მდე) გაზრდასთან,”- ნათქვამია თამილა ბარკალაიას განმარტებაში.

ამასთან, ბარკალაია აცხადებს, რომ მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების საფუძველზე, არ ხდება სიაში მყოფი ოჯახების სოციალური მდგომარეობის რეგულარული გადამოწმება, თუკი ამას თავად ოჯახი არ ითხოვს. შესაბამისად, პირები, რომლებიც იქამდე უკვე იღებდნენ დახმარებას, მათი სოციალური მდგომარეობის შესაძლო ცვლილების მიუხედავად, კვლავ აგრძელებენ დახმარების მიღებას.

“პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ საფუძველზე 2020 წლიდან არ ხდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება და უწყვეტად გრძელდება საარსებო შემწეობის გაცემა, მიუხედავად სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა,”- ნათქვამია თამილა ბარკალაიას განმარტებაში.

საქსტატის მიხედვით, საქართველოში 2020 წელს სიღარიბე მკვეთრად გაიზარდა, კერძოდ კი სასოფლო დასახლებებში სიღარიბემ 3.8 პროცენტული პუნქტით იმატა და 27.5% გახდა. ქალაქებში კი უკიდურესი სიღარიბე 0.7 პროცენტული პუნქტით, 17.1%-მდე გაიზარდა.