მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა ტურისტული ღამისთევების რაოდენობა? - ქვრივიშვილის განმარტება

633d42206d73f
ვიქტორია მღებრიშვილი
05.10.22 13:07
11908

საქართველოში ტურისტული ვიზიტებისას ღამისთევების რაოდენობა გაიზარდა და საშუალოდ 6 ღამე შეადგინა - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმისა და ავიაციის ტენდენციების 9 თვის მონაცემების წარდგენამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ტურისტების ქცევებთან დაკავშირებით ძალიან დადებითი დინამიკა შეინიშნება ღამისთევების ზრდის მიმართულებით. გაზრდილია საშუალო დანახარჯი. ამიტომაც ხდება, რომ შედარებით ნაკლები რაოდენობის ტურისტი, უფრო მეტს ხარჯავს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

BMG-ის კითხვაზე - რა როლი უკავია რუსეთიდან მიგრანტების დიდ ნაკადებს საშუალო ღამისთევების ზრდაში, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ღამისთევების რაოდენობა ყველა ტურისტული მიმართულებიდან გაიზარდა, შესაბამისად, ეს ერთ ან ორ ქვეყანაზე დამოკიდებულებად ვერ ჩაითვლება.

„პრეზენტაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო იმას, თუ რომელ ქვეყნებს აქვთ განსაკუთრებული წვლილი შემოსავლებში. ამის შემდეგ ვფიქრობ, ადამიანებს არ ექნებათ კითხვები არის თუ არა ტურიზმის ინდუსტრია ერთ რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნების წილი ჩვენს ტურიზმში ტრადიციულად ყოველთვის მაღალი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია არასდროს ვიქნებით დამოკიდებული რომელიმე კონკრეტულ ერთ, ორ ან სამ ქვეყანაზე. სტატისტიკიდან ჩანს, რომ საშუალო ღამისთევების რაოდენობა გაზრდილია 6 ღამემდე უკლებლივ ყველა ქვეყნიდან იქნება ეს ევროკავშირის, სპარსეთის ყურის თუ მეზობელი ქვეყნები“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ საქართველო რუსეთზე არც ტურისტული შემოსავლების ნაწილშია დამოკიდებული და განმარტავს: „მაგალითად რუსეთის წილი მთლიან შემოსავალში 23%-ს არ აღემატება, ცხადია ეს არ არის დომინანტი წილი. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან აღდგენის დინამიკა ძალიან სწრაფია, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან სრულად დამოკიდებულია ევროპული ავიაკომპანიების სიძლიერეზე და იმ გამტარუნარიანობაზე რითიც ჩვენ ევროპელი ტურისტების შემოყვანას შევძლებთ.

რატომ გვაქვს ყველაზე სწრაფო აღდგენის დინამიკა და გადაჭარბება სპარსეთის ყურიდან, რადგან ის ჭარბი სიხშირეები, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნების ადგილობრივ ავიაკომპანიებს ჰქონდათ მოგვცა შესაძლებლობა ეფექტური მარკეტინგული კამპანიებით ეს შედეგი დაგვედო“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2019 წლის სექტემბრის თვესთან შედარებით 83.6%-ით აღდგა და 452 155 ვიზიტი შეადგინა.

8 თვის მონაცმებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.1 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2019 წლის შემოსავლების (2.3 მლრდ დოლარი) 94.6%-ია.

რაც შეეხება ღამისთევების რაოდენობას, წლის პირველ ნახევარში საშუალო ღამისთევების რაოდენობა 6.3 ღამემდე გაიზრდა, რაც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 165%-ით არის აღდგენილი.