მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გამოაცხადა მერიამ ავარიული სახლების პროექტზე გამარტივებული შესყიდვა? - ხმალაძე

62e8d7afab174
ვიქტორია მღებრიშვილი
02.08.22 11:58
893
თბილისის მერია ვარკეთილში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ახალი შენობით ჩანაცვლებაზე 7.5 მილიონ ლარს დახარჯავს. პროექტი გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელდება. როგორც დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საპილოტე პროექტთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა უკვე გამოცხადდა.



თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ კი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან პროექტის დეტალების შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტიდან ამ საპილოტე პროექტზე 1 მლნ ლარი გამოიყოფა, დანარჩენი 6 მლნ ლარი კი ნამატი ფართებით დაკომპენსირდება.

„ეს არის საარჩევნო პროგრამა და წელს პროექტის განხორციელება პირველად დავიწყეთ. საპილოტე პროექტი უკვე მომზადებული და დაექსპერტებულია. გასულ კვირას გამოცხადდა ბაზრის კვლევა და ვიმედოვნებ სამშენებლო კომპანიები ამ პროექტებით დაინტერესებას გამოთქვამენ ამ პროექტში მონაწილეობაზე. ბაზრის კვლევი შემდეგ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე განხორციელდება სამშენებლო კომპანიის შერჩევა.

რაც შეეხება უშუალოდ გამარტივებული შესყიდვის მიზეზს - აქ ორკომპონენტიანი ანაზღაურებაა. მუნიციპალიტეტი განხორციელებული სამუშაოების ღირებულებას ნამატი ფასების საშუალებით აანაზღაურებს და ნაწილობრივი დაფინანსების გზით. შესაბამისად, ეს სამუშაოების განხორციელების და შესყიდვის ერთ-ერთი განსხვავებული მოდელია. სტანდარტული შესყიდვით ამ პროექტის განხორციელება რთული და შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული პროცედურით მივმართეთ და იმ შემთხვევაში თუ თანხმობა იქნება ცენტრალური მთავრობიდან, მოხდება ამ გზით კომპანიის შერჩევა. თუმცა მაინც კომპანიების გამოკითხვა ტენდერის მსგავსი დაბალი ფასის პრინციპით მოხდება.
პროექტის განხორციელება ჯამში 7 მლნ-მდე დაჯდება. ნამატი ფართებით დაკომპენსირდება დაახლოებით 6 მლნ-მდე ღირებულება, პროექტის განხორციელება კი ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მლნ ლარით დაფინანსება მოუწევს“, - განაცხადა ხმალაძემ.

BMG-ის კითხვაზე რატომ გადაწყდა პროექტის განხორციელება გამარტივებული შესყიდვით და შესაძლებელი იყო თუ არა სტანდარტული ტენდერში გარკვეული პირობებით გამოცხადებულიყო, ვიცე-მერმა უპასუხა, რომ ასეთი შესყიდვა პრაქტიკაში არ განხორციელებულა, საპილოტე პროექტის შესრულება კი პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„გარკვეულწილად სირთულეები შეიქმნა არსებულ რეგულაციებთან მიმართებით. ეს უპრეცენდენტო შესყიდვაა და ასეთი შესყიდვები პრაქტიკაში არ არის. ვინაიდან ეს საპილოტე პროექტის მივიღეთ გადაწყვეტილება ცოტა უფრო მარტივი პროცედურებით წავსულიყავით და თავი აგვერიდებინა გარკვეული შეფერხებებისთვის,. ასევე გვინდა უფრო მოქნილი სქემით ვემუშავოთ სამშენებლო სექტორს. ეს საპილოტე პროექტია და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ის წარმატებით განხორციელდეს“, - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება გამოსახლებულების ბინის ქირის ღირებულებას, ვიცე-მერმა თქვა, რომ გამოსახლებულები ახალი კორპუსის აშენებამდე თბილისის მერიის ქირის პროგრამით ისარგებლებენ, თუმცა ის არ დაუკონკრეტებია - რა თანხებია გათვალისწინებული ამისთვის.

„მუნიციპალიტეტს აქვს ქირის პროგრამა და ავარიული სახლების მაცხოვრებლების ჩართვა ამ პროგრამაში ხდება. მათი ქირით დაფინანსება იმავე სტანდარტებით ხორციელდება, შესაბამისად ასეთ მიდგომა სხვა ობიექტებთან მიმართებითაც შენარჩუნდება. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს თუ მიმდინარე სივრცე გვაძლევს საშუალებას ჯერ ავაშენოთ ახალი და მერე გადავიყვანოთ თუ ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში არ იმყოფება კორპუსი. სხვა შემთხვევაში ავარიული შენობიდან მოსახლეობას ყოველთვის გავიყვანთ, მოხდება დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის აშენება“, - თქვა ხმალაძემ და დასძინა, რომ ავარიული შენობების განახლების პროგრამის ფარგლებში კიდევ 12 პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დაწყებასაც თბილისის მერიაში წლის ბოლომდე იმედოვნებენ.