მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გამოიწვია ახალმა მეთოდოლოგიამ მშპ-ის 3.5 მილიარდით ზრდა?

5dd0ebe25735a
ირაკლი მაკალათია
18.11.19 09:40
6098
საქსტატი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაანგარიშების ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რის შედეგადაც მთლიანი შიდა პროდუქტი 3.5 მლრდ ლარით გაიზარდა. თუ 2018 წელს ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი ნომინალური მშპ 41.1 მლრდ ლარს შეადგენდა, ახალი მეთოდოლოგიით გადაანგარიშების შემდეგ 44.6 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ანუ მოხდა მთლიანი შიდა პროდუქტის დონის 8.6%-ით მატება. შესაბამისად, გაიზარდა მშპ ერთ მოსახლეზე. ერთ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა 4 345,5 აშშ დოლარიდან გაიზარდა 4 722,0 აშშ დოლარამდე. ასევე მოხდა დინამიკური მწკრივის მაჩვენებლების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად დაკორექტირება, რამაც გამოიწვია, როგორც 2018-ის ისე წინა წლების მშპ-ის ზრდა და რის გამოც 2018 წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4.8% (4.7% ძველი მეთოდოლოგიის მიხედვით).

მშპ-ის გამოთვლის მეთოდოლოგია

მშპ-ის გამოთვლა ხდება ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მიხედვით (ეას). ეროვნულ ანგარიშთა სისტემამ განვითარების 5 ეტაპი გაიარა, ეას53; ეას60; ეას64; ეას68; ეას93 და ეას2008. საქართველოში აქამდე მშპ გამოითვლებოდა ეას93-ის მიხედვით, ხოლო მეთოდოლოგიური ცვლილების შედეგად გადავედა ეას2008-ის ბოლო ვერსიაზე.

მიმდინარე ფასებში (ნომინალში) მშპ-ს გაანგარიშება ხდება 3 საერთაშორისო მეთოდით, რომლის მიხედვით აქამდეც ითვლიდნენ, თუმცა ბოლო ვერსიის თანახმად, დაიხვეწა, გაფართოვდა ეკონომიკის დარგების დაკვირვების დიაპაზონი და დაიწყო აქამდე დაუკვირვებელი ეკონომიკურ სექტორებზე მონაცემების მოპოვება. რასაც უფრო დეტალურად მომდევნო პარაგრაფში ავხსნით.

მშპ-ს გაანგარიშების 3 მეთოდი: 1. წარმოების მეთოდით: მთლიანი გამოშვება საბაზისო ფასებში - საქონლისა და მომსახურების გამოშვებისათვის გამოყენებული შუალედური მოხმარება = მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზისო ფასებში + გადასახადები პროდუქციაზე და იმპორტზე - სუბსიდები პროდუქტებზე = მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზრო ფასებში.

2. გამოყენების (დანახარჯების) მეთოდი. შინამეურნეობების სამომხმარებლო ხარჯები + შინამეურნეობების მომსახურე არაკომერციული ორგანიზაციების მიერ გაწეული ხარჯები + სახელმწიფო მართვის ორგანოების მიერ გაწეული კოლექტიური და პერსონალური მომსახურების ხარჯები + ძირითადი კაპიტალის მთლიანი ფორმირება + მატერიალური საბრუნავი საშუალებების მარაგების ცვლილება = მთლიანი შიდა ხარჯები საბაზრო ფასებში + საქონლისა და მომსახურების ექსპორტი - საქონლისა და მომსახურების იმპორტი = მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზრო ფასებში.

3. შემოსავლების მეთოდი: შემოსავალი დასაქმებიდან დარიცხული ხელფასისა და დანამატების სახით + თვითდასაქმებიდან მიღებული შერეული შემოსავალი + კომპანიების მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მთლიანი მოგება + გადასახადები წარმოებასა და იმპორტზე - სუბსიდიები წარმოებასა და პროდუქტებზე = მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზრო ფასებში.


რეალური მშპ-ს გაანგარიშებისას კი ხდება მშპ-ის მუდმივ ფასებში გადაყვანა წარმოების მეთოდით ორმაგი დეფლირების გზით. მთლიანი გამოშვებისა და შუალედური მოხმარების ცალ-ცალკე შესაბამის ინდექსებზე გაყოფის შედეგად მუდმივ ფასებში გადაყვანითა და შემდეგ მათი სხვაობით. ამასთან მშპ-ს მუდმივ ფასებში გადაყვანა თუ აქამდე ხდებოდა 2010 წლის მუდმივ ფასებში, ახლა მისი დეფლირება 2015 წლის მუდმივ ფასებში მოხდება.

რამ იქონია გავლენა მშპ-ის ზრდაზე?

მშპ-ის მოცულობის ზრდაზე გავლენა იქონია ორმა ფაქტორმა: 1. მეთოდოლოგიურმა ცვლილებამ და 2. სტატისტიკური წყაროს გაუმჯობესებამ, რაც გულისხმობს ეკონომიკური სექტორების დეტალიზებულ დაკვირვებასა და დაუკვირვებადი ეკონომიკის სექტორების კვლევის მონაცემების მოპოვებას.



დიაგრამებზე ნათლად ჩანს, რომ მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად მშპ საქართველოში ორჯერ უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რაც დიდი წილით უკავშირდება სტატისტიკური წყაროს გაუმჯობესებას, ანუ საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა ბევრად მაღალია ვიდრე ევროკავშირში, რაც გასაკვირი არც არის. დაბალი ეკონომიკური განვითარების პირობებში ადამიანების უმეტესობა ისეთ წვრილ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, რისი სტატისტიკური დაკვირვებაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასევე ქვეყანაში მაღალი კორუფციის დონისა და ეკონომიკური რეგულაციების გავლენით (მაგ; თამბაქოს ბიზნესი) ბიზნესების გადასვლა დაუკვირვებად ეკონომიკაში, რაც მომავალშიც გაართულებს ამ სექტორებზე დაკვირვებასა და მონაცემების მიღებას. ამასთან, მონაცემთა მიღებას ართულებს არალეგალური ბიზნესების არსებობა და ჩრდილოვან ეკონომიკაზე სტატისტიკური დაკვირვების არსებული პრობლემები.

მეთოდოლოგიური ცვლილებების შედეგად მოხდა: ფინანსური მომსახურების არაპირდაპირი შეფასების (FISIM) გაანგარიშების ცვლილება; საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების ცვლილება; კვლევებსა და დამუშავებასთან (R&D) დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაცია. ასევე მოხდა შემდეგი მეთოდოლოგიური ცვლილებები: ახალი კლასიფიკაციების გამოყენება (NACE Rev. 2 და CPA 2008); მშპ-ს გაანგარიშების დაფუძნება რესურსებისა და გამოყენების ცხრილებზე; არასაბაზრო პროდუქციის გამოშვების გაანგარიშების გაუმჯობესება; მარაგების ცვლილების შეფასების გაუმჯობესება; დაზღვევის გამოშვების გაანგარიშების ცვლილება; დეფლირების დროს გამოყენებული ფასების ინდექსების წყაროების გაუმჯობესება; საბაზისო პერიოდის ცვლილება (2010 წლის ნაცვლად 2015); გადასახადების აღრიცხვისას დარიცხვის მეთოდის გამოყენება.

სტატისტიკურ მონაცემთა წყაროს გაუმჯობესება, რამაც გამოიწვია: შუალედური მოხმარების სტრუქტურის განახლება სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე, დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების მეთოდების გაუმჯობესება (IMF, EU-Twinning); არალეგალური საქმიანობების გამოშვების გათვალისწინება მშპ-ში; ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევა; დაუკვირვებადი ეკონომიკის სპეციალური გამოკვლევა მოხდა შემდეგ სექტორებში: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები. რის შედეგადაც სწორედ ამ სექტორებში მოხდა დაუკვირვებადი ეკონომიკის წილის ყველაზე დიდი ზრდა. ჩამოთვლილთაგან, დაუკვირვებადი ეკონომიკა ყველაზე მეტად სასტუმრობსა და რესტორნების სექტორში გაიზარდა, რისი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორიც ტურიზმის სფეროს განვითარება და აქ მომსახურე სერვისების ზრდაა.



ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლის გავლენა მსოფლიოსა და მეზობელ ქვეყნებში

ეას2008-ის მეთოდოლოგიაზე მსოფლიოს 80 ქვეყანაა გადასული, საქართველოში მოსამზადებელი პროცესი 2011 წლიდან დაიწყო, ხოლო აქტიურ ფაზაში 2017 წელს შევიდა. ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში საქართველოს ჰქონდა აღნიშნულ მეთოდოლოგიაზე გადასვლის ვალდებულება (ევროკავშირთან ასოცირების შესახებშეთანხმების IV თავი, მუხლები 286-291). თავად ევროკავშირის ქვეყნები ამ მეთოდოლოგიაზე სრულად 2014 წელს გადავიდნენ. თურქეთი, სომხეთი, მოლდოვა და ბელორუსი 2015-2016 წლებში გადავიდნენ ეას-2008-ზე, ხოლო აზერბაიჯანში კვლავ ეას93 გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლამ მშპ-ს დონის ყველაზე მაღალი ზრდა გამოიწვია მოლდოვაში, ხოლო ყველაზე ნაკლები თურქეთში.

ბოლოს კი აღსანიშნავია, რომ მშპ-ს ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშების შედეგად, მოხდა დარგობრივი სტრუქტურის ცვლილება. ტრადიციულად, ვაჭრობა (17.0%) და მრეწველობა (17.0%) წარმოადგენდნენ წამყვან დარგებს, ახალი მეთოდოლოგიის შედეგად, წამყვან დარგებზე კვლავ ვაჭრობა და მრეწველობა რჩება, თუმცა დაუკვირვებადი ეკონომიკის ზრდისა და მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად გაიზარდა დანარჩენი დარგების ხვედრითი წილი, რამაც აღნიშნული ორი დარგის ხვედრითი წილების შემცირებაც გამოიწვია მშპ-ში.