12.ივნისი .2021 00:45

რატომ განათავსა მთავრობამ ბიუჯეტის კუთვნილი 600 მილიონი ლარი ბანკებში? - მინისტრის პასუხი

რატომ განათავსა მთავრობამ ბიუჯეტის კუთვნილი 600 მილიონი ლარი ბანკებში? - მინისტრის პასუხი
views 2176
უკან

საქართველოს მთავრობამ 2020 წელს 594 მილიონი ლარი კომერციულ ბანკებში სადეპოზიტო ანგარიშებზე განათავსა. სწორედ ამ ფაქტის შესახებ დაუსვა კითხვა პარტია “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტში მისულ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს. ხუციშვილის განმარტებით, ამ ოპერაციის მიზანს საფინანსო სექტორის “გრძელვადიანი ლარის რესურსით” მომარაგება წარმოადგენდა.

“ვერ დავარქმევდი ამას, რომ ეს სუბსიდირებაა. ჩვენ ბანკებში განვათავსეთ 600 მილიონ ლარამდე თანხა და ამ ოპერაციის შედეგად ბიუჯეტს წმინდა სარგებელი დარჩა 3 მილიონი ლარი, შესაბამისად, კლასიკური სახით ეს სუბსიდირება ნამდვილად არ იყო, ანუ ბიუჯეტს უბრუნდება იმაზე მეტი თანხა, ვიდრე მოხდა იქ განთავსება. ეს პროექტი განხორციელდა ბაზარზე გრძელვადიანი ლარის რესურსის მიწოდების მიზნით,”- განაცხადა მინისტრმა.

“2020 წელს, როდესაც ბიუჯეტში უზარმაზარი დეფიციტი გვქონდა, ფინანსთა სამინისტრომ დაასუბსიდირა კომერციული ბანკები დაახლოებით 600 მილიონით განათავსა იქ გრძელვადიანი ანაბარი. რამდენად სამართლიანია, როდესაც ფინანსთა სამინისტრო კრიზისულ პერიოდში ასუბსიდირებს საბანკო სექტორს, რომელმაც გასული წელი მოგებით დაასრულა და ბანკებს ასობით მილიონის მოგება დარჩათ, რაც ნიშნავს რომ მათთან არანაირი კრიტიკული სიტუაცია არ იყო. ბანკების სუბსიდირება ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და როგორც გიორგი კაკაურიძემ კომიტეტზე თქვა, რომ დეპოზიტზე თანხის განთავსება იმიტომ იყო გაკეთებული, რომ ეროვნულ ბანკს მსგავსი გრძელვადიანი ინსტრუმენტები არ გააჩნია. გამოდის, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი მიზნების მისაღწევად გამოიყენა ფინანსთა სამინისტრო. ხომ არ მიიჩნევთ, რომ ბანკებში დეპოზიტზე 600 მილიონის განთავსებით სამინისტრო აკეთებს იმას, რასაც არ უნდა აკეთებდეს?”- მიმართა რაქვიაშვილმა ლაშა ხუციშვილს.

მთავრობამ კომერციული ბანკების ანგარიშებზე 594 მილიონი ლარი პრემიერ-მინისტრის მიერ 2020 წლის 22 მაისს მიღებული #845–ე განკარგულების თანახმად განათავსა. ამ გადაწყვეტილების მიზეზს კრიზისულ პერიოდში საბანკო სისტემისთვის “გრძელი ლარის” რესურსის მიცემა წარმოადგენდა.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, თანხის წყარო სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებიდან მიღებული სახსრები იყო. შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ ჯერ ვალი აიღო, ხოლო შემდგომში ეს ვალი რამდენიმეწლიან დეპოზიტზე განათავსა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა