მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ განათავსა საპენსიო სააგენტომ მოსახლეობის თანხები ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში?

5e634ba258d74
თამთა ჯიჯავაძე
07.03.20 14:20
2087
საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული ინვესტიციების მიზანი იყო ორი, - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერმა ბაქარ მარუაშვილმა ისაუბრა.

„პირველი - ჩვენი მანდატი არის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და რეალური ამონაგების გაზრდა, რაც მოვახერხეთ, ვინაიდან 9%-დან 14,8%-მდე გაიზარდა განაკვეთი.

მეორე მიზანი, რაც ასევე დროსთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი, ჩვენი მოლოდინები საშუალოვადიან საპროცენტო განაკვეთებზე არის, რომ ის შემცირდება, ამიტომაც გვინდოდა, რომ დროულად დაგვეფიქსირებინა მაღალი საპროცენტო განაკვეთი შემდეგი 5 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა მარუაშვილმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები თითოეულ ბანკთან ინდივიდუალურად მიმდინარეობდა. საინვესტიციო პროცესის დასრულებისთანავე, საინვესტიციო საბჭომ გამოაქვეყნა შესაბამისი წერილი.

„უაღრესად პოზიტიური პროცესი დაიწყო, მიმდინარე დღეების განმავლობაში... დაიწყო საინვესტიციო პროცესი. 590 მლნ-ის ჯამური ინვესტიცია განხორციელდა სადეპოზიტო სერტიფიკატებზე, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების, ასევე ვადიან დეპოზიტებზე. საშუალო ვადიანობა ინვესტიციების არის 5 წელი, საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი კი გახლავთ 14,8%“, - განაცხადა საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერმა.

შეგახსენებთ, Bm.ge-ს ანალიტიკოსმა შოთა ტყეშელაშვილმა აღმოაჩინა, რომ სებ-ში საპენსიო სააგენტოს მიერ განთავსებული თანხა ერთ დღეში 236 მილიონი ლარით შემცირდა. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ აკუმულირებული თანხებიდან პირველი ინვესტიცია 560 მლნ ლარის ოდენობით განახორციელა და ეს ფული მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსა.

აღნიშნული განთავსებისთვის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი სჭირდებოდა, რომელიც 2020 წლის 22 იანვარს, საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს. ამავე სხდომაზე საინვესტიციო საბჭოს წევრი დავით წიკლაური ერთი თვის ვადით(3 თებერვლიდან-3 მარტამდე) აირჩიეს საინვესტიციო ოფიცრად. საპენსიო სააგენტოში დაგროვილი თანხების ინვესტირებაზე გადაწყვეტილების მისაღებად საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან ერთად მთავარი საინვესტიციო ოფიცერიც იყო საჭირო. 

თუმცა, როგორც ირკვევა, ეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი მხოლოდ დროებითია და, სავარაუდოდ, ის მხოლოდ თანხის სადეპოზიტო სერტიფიკატებში გადატანისთვის დამტკიცდა. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ თავად აღნიშნულ დოკუმენტში ძირითადად საუბარი სწორედ სადეპოზიტო სერტიფიკატებზეა. საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ თანხების განთავსება კომერციულ ბანკებში, ასევე სხვა დანარჩენი პროცედურები კანონის სრული დაცვით მოხდა. 

ამ დროისთვის დაგროვებით საპენსიო სქმეაში 620 მილიონ ლარამდეა აკუმულირებული.