მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაუქმდა რიგი მარშრუტები თბილისში? - განმარტება

61f82690c5e65
თათია ჩაფიჩაძე
31.01.22 23:40
1239
რამდენიმე დღეა, რაც თბილისში ე.წ. "ყვითელი მიკროავტობუსები" სრულად ახალი "ლურჯი მიკროავტობუსებით" ჩანაცვლდა. მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მათი ხაზების ნაწილი გაუქმდა, რაც თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ოპტიმიზაციის საფუძველზე მოხდა.

ის ამბობს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა მოცდის დრო და ის პიკურ პერიოდში 15 წუთით განისაზღვრება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ის ტაქსის ფუნქციას ვერ შეასრულებს. აქედან გამომდინარე, გადაჯდომები იქნება, ქსელის ოპტიმიზაცია მოხდა. აქამდე არსებობდა მარშრუტები, სადაც საშუალო მოლოდინის დრო 28 წუთი იყო; გვქონდა ისეთი მარშრუტები, სადაც მოცდის დრო 90 და 120 წუთი იყო. ახლა ასეთი მოლოდინის დრო არ გვაქვს. პიკურ პერიოდში მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთი, ხოლო საშუალო მოლოდინის დრო 6-7 წუთია. მგზავრებს შეეძლებათ, უფასოდ გადასხდნენ 90 წუთის განმავლობაში.

რაც შეეხება ბოლო რეისის გადაწევის დროს 24:00 საათამდე, ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვემსახუროთ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვიანობამდე მუშაობენ და სჭირდებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი; აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

1.5-ჯერ გავზარდეთ ჩვენ მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობა და როგორც კი სრულად შევძლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების დასრულებას, ამ მაჩვენებელის კოეფიციენტი 2-მდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლოდინის დროები კიდევ შემცირდება და მგზავრებს უკეთესად მოვემსახურებით “, - განაცხადა წილოსანმა.