მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაწყდა "მაგთიკომისა" და "კავაკსუს ონლაინის" 5-წლიანი თანამშრომლობა?

61eea76ae7c22
სალომე მეცხვარიშვილი
24.01.22 20:44
2065
5-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ კომპანია “მაგთიკომისა” და “კავაკსუს ონლაინის” პარტნიორობა დასრულდა. გასული წლის ნოემბერში მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, რომელიც “მაგთიკომის” გადაწყვეტილებით, აღარ გაგრძელდა. აღნიშნული ინფორმაცია გასული წლის ბოლოს პარლამენტში “მაგთიკომის” დამფუძნებელმა გია ჯოხთაბერიძემ გაავრცელა. მან აქვე დასძინა, რომ ამის გამო ქვეყანაში ინტერნეტის პრობლემა არ შექმნილა.

ხელშეკრულების დასრულებას "საქმის კურსის" ეთერში ადასტურებს “კავკასუს ონლაინის” დირექტორიც, თუმცა მისთვის უცნობია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება “მაგთიკომმა”:

“ბოლო 5 წლის მანძლზე, “მაგთიკომი” ექსკლუზიურად "კავკასუს ონლაინისგან" ყიდულობდა ინტერნეტს და შესაბამისად, გარკვეულ წილ პასუხისმგებლობას მომსახურების ხარისხსა და მის უწყვეტობაზე ჩვენც ვიღებდით. გასული წლის ნოემბრიდან ეს ასე აღარ არის.

“მაგთიკომთან” ერთად პანდემიის ურთულესი პერიოდი გამოვიარეთ, როცა ინტერნეტის მოხმარება ძალიან გაიზარდა. “კავკასუს ონლაინისთვისაც” ურთულესი იყო ახალი სიმძლავრეების შეძენა და ინფრასტრუქტურის განახლება. მიუხედავად ამისა, ყოველგვარი შეყოვნების გარეშე ვაწვდიდით ინტერნეტს.

(ხელშეკრულების არგაგრძელება) მათი კომერციული გადაწყვეტილება იყო. ამ რთული პერიოდის განმავლობაში “კავკასუს ონლაინმა” გაზრდილი სიმძლავრეების საფასური განახევრებული ფასით შესთავაზა “მაგთიკომს”, რათა ზედმეტი ტვირთი არც ჩვენს პარტნიორს დასწოლოდა. ჩვენ პატივს ვცემთ მაგთიკომის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს კითხვა უფრო მათთან არის”,- აცხადებს რევაზ კოპალაძე.

კითხვაზე, ხომ არ იყო მიუღებელი “მაგთიკომისთვის” მათ მიერ შეთავაზებული ფასები, რევაზ კოპალაძე აღნიშნავს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა მისთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი.

“ამ წლების მანძილზე ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად მომხიბვლელი და საბაზრო ფასები შეგვეთავაზებინა”,- აცხადებს რევაზ კოპალაძე.

კითხვაზე, უმსხვილეს ოპერატორთან “მაგთიკომთან” ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ კვლავ საქმიანობენ თუ არა ქართულ ბაზარზე, კოპალაძე პასუხობს, რომ 15-მდე მცირე და საშუალო ოპერატორს ემსახურებიან.

“ჩვენ გვყავს 15-მდე მცირე და საშუალო ზომის პროვაიდერი, რომლებიც ბოლო მომხმარებელს ინტერნეტს აწვდიან ჩვენი მეშვეობით. ყველანაირად შევუწყობთ ხელს ამ ხალხს, რომ ჩვენი მომსახურების ხარისხი გამოიყენონ, როგორც კონკურენტული უპირატესობა”,- აცხადებს რევაზ კოპალაძე.