მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაყიდა სებ-მა $60 მლნ დღეს? - ოთარ ნადარაიას და ევა ბოჭორიშვილის შეფასება

6155d23129eee
ინგა მურუსიძე
30.09.21 19:08
1269
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი გაყიდა. შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. ეს 2021 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო, ბოლო აუქციონი სებ-მა 3 აგვისტოს გამართა, რა დროსაც $30 მილიონი გაყიდა. ჯამურად, 2021 წლის განმავლობაში ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა $332.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსი სტაბილურია და დღის განმავლობაში არც Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე შეიმჩნეოდა რყევები გაუფასურების მიმართულებით, ანალიტიკოსებს ვკითხეთ - რითი შეიძლება აიხსნას სებ-ის $60-მილიონიანი ინტერვენცია.

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ სებ-ის ნაბიჯის შეფასება ამ ეტაპზე რთულია.

„ამ ეტაპზე კონკრეტული განმარტების გაკეთება შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა, ეს იყო ერთჯერადი ტრანზაქცია, რაც სებ-მა საჭიროდ ჩათვალა და ეს არ იყო ფუნდამენტური ფაქტორებით განპირობებული. შესაძლოა, ინტერვენცია იყოს რაღაც სიგნალი, რომ თუ რამე მოხდა, სებ-ი ინტერვენციას გააგრძელებს; აგვისტოშიც მოხდა მსგავსი რამ. იქამდე ეროვნული ბანკი რაღაც პერიოდი არ ყიდდა სავალუტო რეზერვებს და აგვისტოში ერთჯერადად განახორციელა ტრანზაქცია, შესაძლოა ახლაც ასეა“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

Bm.ge-ის კითხვაზე - ხომ არ უკავშირდება ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენცია 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესების შესაძლო დაძაბვას, Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსს ასეთი პასუხი აქვს: „ამ ეტაპზე, შეიძლება პოლიტიკური ვითარების გაუარესების მოლოდინი არის, თუმცა როცა გაუარესდება მაშინ უნდა ჩაერიოს, წინასწარ რას ემსახურება ეს ინტერვენცია ვერ გეტყვით“.

სებ-ის $60-მილიონიან ინტერვენციას რამდენიმე შესაძლო მიზეზით ხსნის "თიბისის" მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.

"ჩვენი შეფასებით, შემოდინებები ნამდვილად ჭარბობს გადინებებს და სავალუტო დაკრედიტებაც გასათვალისწინებელია, თუმცა გარკვეულწილად არის ასეთი მოსაზრება, რომ არჩევნების შემდეგ ლარი უფასურდება ხოლმე. ამას უკავშირდება აგვისტო - სექტემბერში გარკვეული გადახურდავებებიც. დღევანდელისთვის შესაძლოა ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია იმ გაგებით, რომ ეს მოლოდინები კურსში უკვე ჩადებულია. გარდა ამისა, ჩვენთან არის პატარა ბაზარი და ხშირად არის ხოლმე ერთჯერადი ტრანზაქციები, შესაძლოა, დღეს ესეც მოხდა. ასე კლიენტების დონეზე ვინ რას ახურდავებს, არ ვუყურებთ. ბოლო დღეებში დოლარი გამყარდა და ევრო დაეცა ანუ შესაძლოა, მოლოდინების გავლენაც იყოს, ხოლო მოლოდინები ყოველთვის არის, რომ შესაძლებელია, არჩევნების შემდეგ რაღაც მოხდეს", - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.