მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გჭირდებათ ორგანიზაციაში IT აუდიტი

600e6965b8263
ინგა მურუსიძე
25.01.21 11:05
1374

ჩვენ ვცხოვრობთ ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის ხანაში, სადაც კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელია IT ინფრასტრუქტურის ხელსაყრელი და უსაფრთხო გამოყენება. IT ინფრასტრუქტურის აქტიური გამოყენება უკვე ბიზნესის ყველა სფეროში დაინერგა, შესაბამისად, თუ კომპანიას სურს ფეხი აუწყოს ბაზრის მოთხოვნებს, აუცილებელია, ინვესტიცია გააკეთოს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და უზრუნველყოს მისი სწორი დანერგვა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ IT სფეროში არსებული რისკები საფრთხეს უქმნის კომპანიის ყველა ასპექტს, და მათ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხიც როგორიცაა ბიზნესის უწყვეტობა. ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად კი, აუცილებელია IT ინფრასტრუქტურის დანერგვასა და ოპერირებაზე სრულად ინფორმირებული, უმაღლესი მენეჯმენტი.

რა არის IT აუდიტი?

IT აუდიტი საუკეთესო საშუალებაა სწორად შეფასდეს კომპანიის IT ინფრასტრუქტურასთან არსებული რისკები და თავიდან იქნეს არიდებული მოსალოდნელი საფრთხეები. აუდიტის ჩატარების შედეგად მენეჯმენტი იღებს საჭირო ინფორმაციას საკუთარი კომპანიის IT გარემოს შესახებ, რაც ზედმეტი დანახარჯების გარეშე იძლევა რესურსების სწორად გადანაწილების შესაძლებლობას.

IT აუდიტი არის აუდიტი, რომელიც მოიცავს კომპანიაში არსებული ავტომატიზირებული ინფორმაციის დამუშავების სისტემების, ინტერფეისების და ნებისმიერი სახის IT ინფრასტრუქტურის მიმოხილვასა და შეფასებას. ისევე როგორც სხვა ტიპის აუდიტები, აიტი აუდიტიც გასცემს მარწმუნებელი სახის შეფასებებსა და რჩევებს. მისი მთავარი მიზანია შეაფასოს რისკები, რომლებიც კომპანიაში დანერგილ IT ინფრასტრუქტურას, პროცედურებსა და კონტროლის მექანიზმებს ახლავს და დაეხმაროს მენეჯმენტს ამ რისკების შემცირებასა და ინფრასტრუქტურის სწორ მართვაში.

IT აუდიტის სახეები

თითოეული IT აუდიტი ხასიათდება რამდენიმე კრიტერიუმით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მისი ტიპი. ჩატარების ფორმის მიხედვით გამოყოფენ შიდა და გარე აუდიტს. შიდა აუდიტის მთავარი ფუნქციაა მიაღწიოს რისკის მისაღებ დონეს და მინიმალურ დონემდე დაიყვანოს დანაკარგი. შიდა აუდიტორები კონსულტაციას უწევენ მენეჯმენტს, რათა მოხდეს რისკების მართვასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ისინი ეხმარებიან კომპანიებს გააუმჯობესონ შიდა კონტროლის სისტემები და ხელი შეუწყონ ბიზნეს პროცესების უწყვეტობასა და ინვესტიციების მაქსიმალურ ოპტიმიზაციას.

გარე IT აუდიტი ყველაზე კარგი გზაა შეფასდეს კომპანიის IT ინფრასტრუქტურის არსებული მდგომარეობა და მისი შესაბამისობა საერთაშორისო წესებსა და სტანდარტებთან. გარე IT აუდიტის საშუალებით კომპანიებს ასევე შეუძლიათ გახდნენ ISO სერთიფიცირებული, რაც მნიშვნელოვან დადებით გავლენას იქონიებს კომპანიის რეპუტაციასა და კლიენტების ნდობის ფაქტორზე.

რა სარგებლის მომტანია IT აუდიტი კომპანიისთვის

#1 ხედვა IT მიმართულების ეფექტურობასა და ბიზნეს მოთხოვნებთან შესაბამისობაზე - IT აუდიტი ნებისმიერი ზომისა და ტიპის ორგანიზაციას სთავაზობს მნიშვნელოვან ხედვებს კომპანიის სისტემის საერთო ფუნქციონალზე, არსებულ რისკებსა და მათი აღმოფხვრის მეთოდებზე. IT აუდიტი აფასებს კომპანიის ინფორმაციულ სისტემებსა და მათ დასაცავად არსებული კონტროლის მექანიზმების ეფექტურობას. ამ აუდიტის ფარგლებში შედის პროგრამული უზრუნველყოფის, ვებ სერვისების, ოპერაციული სისტემების, უსაფრთხოების სისტემების, სერვერული და ქსელური უზრუნველყოფის, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროცესების შეფასება. ეს სისტემა აიდენტიფიცირებს და აფასებს ორგანიზაციაში არსებულ რისკებს, შემდეგ კი ეხმარება მენეჯმენტს გადაწყვეტის მოძიებაში. აუდიტის შედეგად ფასდება მენეჯმენტის მიერ გაწეული IT ინვესტიციების ეფექტურობა.

#2 ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფა - IT აუდიტი კრიტიკულია იმ კომპანიებისა და ბიზნესებისათვის, რომლებიც ცდილობენ დაიცვან მათი IT ინფრასტრუქტურა, ბიზნეს და მომხმარებელთა მონაცემები. როგორც წესი, აუდიტის პროცესში იფარება ისეთი საკითხები როგორიცაა მონაცემთა მთლიანობა, კონფიდენციალურობა და IT ინფრასტრუქტურისა და პროცესების ხელმისაწვდომობა. რისკების შეფასების შემდეგ, IT გუნდს ეძლევა ნათელი ხედვა თუ რა ქმედებებია საჭირო აღმოჩენილი რისკების აღმოსაფხვრელად, შესამცირებლად და ბიზნესის უწყვეტად ფუნქციონირებისთვის.

#3 თაღლითობისგან თავის დაზღვევა - აიტი აუდიტი კომპანიას ეხმარება თაღლითობისგან თავის დაზღვევაშიც. კომპანიის ოპერაციების განმეორებით ანალიზსა და შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვას შეუძლია თავიდან აგვარიდოს, ან აღმოაჩინოს თაღლითობის შემთხვევები. აუდიტორებს შეუძლიათ დაეხმარონ კომპანიის IT გუნდს შიდა კონტროლების დანერგვასა და მოდიფიკაციაში.

#4 მეტი სანდოობა კლიენტებთან ურთიერთობისას - GDPR-ის (General Data Protection Regulation) მიხედვით, ყველა ბიზნესს უნდა ჰქონდეს მონაცემთა დაცვის პოლიტიკა რათა სწორად იქნეს დაცული კლიენტის პერსონალური მონაცემი. კონტრაქტის დადებისას კომპანია ხდება კლიენტის პერსონალურ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი და მას უნდა შეეძლოს ამ ინფორმაციის სწორად შენახვა და დაცვა. ამ ყველაფრის გასაკეთებლად კი აუცილებელია იცოდე რა არის პერსონალური მონაცემი, როგორ ინახება ის კომპანიაში და რა აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასარიდებლად.

აიტი აუდიტი ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ორგანიზაციის აქტივების სწორად დაცვისა და IT ინფრასტრუქტურის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. ის უზრუნველყოფს მენეჯმენტის ინფორმირებულობასა და ჩართულობას კომპანიის შიდა რისკების მართვაში, ასევე, იძლევა რესურსების სწორად მართვის საშუალებას, რაც ბიზნესს ეხმარება ფინანსების და დროის დაზოგვაში. 
(NS)