მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ღირს საქართველოში სესხი უფრო ძვირი, ვიდრე ევროპაში და რა შემთხვევაში შემცირდება პროცენტი

61a7223ba7764
შოთა ტყეშელაშვილი
01.12.21 11:19
3316
სესხის საპროცენტო განაკვეთი, ანუ ქვეყანაში კაპიტალის ღირებულება ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც კომპანიებისა და ინვესტორებისთვის, ასევე მოსახლეობისთვის და დამწყები მეწარმეებისთვის.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში ერთ წლამდე სამომხმარებლო სესხების სეგმენტში საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 18.7%-ია, მართალია 10-წლიან ჭრილში მათი განაკვეთი მთელი 10%-ით შემცირდა, თუმცა ეს კვლავ მაღალი განაკვეთია. მოქალაქეთა ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ სამომხმარებლო სესხებით სარგებლობს და ამჟამად ქვეყანაში ამ ტიპის სესხებზე 1.26 მილიონი ხელშეკრულებაა მოქმედი, ხოლო ამ სესხების ჯამი კი 5.66 მილიარდ ლარს აჭარბებს.

შედარებისთვის, ევროზონის ქვეყნებში სამომხმარებლო სესხების განაკვეთი საქართველოსთან შედარებით თითქმის ოთხჯერ დაბალია და 5.4%-ს შეადგენს.

თითქმის ასეთივე თანაფარდობაა საქართველოსა და ევროზონის ქვეყნებში არსებულ სხვა სასესხო პროდუქტებთან მიმართებითაც. მაგალითად, თუკი საქართველოში ლარის იპოთეკების განაკვეთი 12%-ია, ევროზონის ქვეყნებში ის მხოლოდ 1.2%-ს შეადგენს, რაც ათჯერ დაბალი განაკვეთია.

რატომ ღირს სესხი იმდენი, რამდენიც ღირს?

საბანკო სისტემა ერთმანეთთან აკავშირებს მთელ საზოგადოებას - ბიზნესებს, მოქალაქეებს, სახელმწიფოს, ინვესტორებს და სხვებს. თუკი არსებულ ვითარებას დეპოზიტართა პერსპექტივიდან შეხედავთ, მაშინ იტყვით, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ანგარიშს ადეკვატური სარგებელი ერიცხებოდეს. თავისმხრივ, იმისთვის, რათა სარგებელი ადეკვატური იყოს, ის მინიმუმ ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონეს უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ანაბრის რეალური ღირებულება წლიდან წლამდე შემცირდება.

ინფლაციის მაჩვენებელზეა დამოკიდებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც კონკრეტულ ვალუტაში ფულადი რესურსის საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს, რაც ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია. ამჟამად, საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი - 13%-იანი ინფლაციაა, რისი შეკავებისთვისაც, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ასევე 10-წლიან მაქსიმუმამდე, 10%-მდე გაზარდა, შედეგად ქვეყანაში 10%-ზე დაბალ განაკვეთად ეროვნულ ვალუტაში თანხის სესხება შეუძლებელი გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო წელს ინფლაციის შემცირებაა პროგნოზირებული, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთიც ეტაპობრივად შემცირდა. მასთან ერთად დაიკლებს ცვლად განაკვეთზე მიბმული კრედიტების ღირებულებაც.

ინფლაციასთან ერთად კიდევ ერთი ფაქტორია, ზოგადად, ქვეყნის რისკი, ანუ ის რისკ პრემია, რაც ქვეყნის ეკონომიკაში საქმიანობასთან და სახსრების მოზიდვასთან არის დაკავშირებული. ამ რისკს ყველაზე უკეთ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გამოხატავს, რაც საქართველოსთვის ამჟამად “BB”-ია (S&P), ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ქვეყანამ მხოლოდ ერთი საფეხურით წაიწია.

შედარებისთვის, ევროკავშირის არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი AAA-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და მას საქართველო 11 საფეხურით ჩამოუვარდება. ასეთივე მნიშვნელოვანია თავად ინფლაციის მაჩვენებელიც, მართალია 2021 წლის ოქტომბერში ევროზონის წევრ ქვეყნებში ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი, 4.1%-იანი ინფლაცია იყო, წინა პერიოდებში მისი მოცულობა საშუალოდ 2%-ზე ნაკლები იყო, აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც ნულთან ახლოს იყო და ამჟამად ის 0%-ს შეადგენს, შესაბამისად ევროკავშირში ფულადი რესურსის საბაზისო განაკვეთი განსაკუთრებულად დაბალია, რაც ინვესტორებს თანხის განსაკუთრებულად ხელსაყრელ ფასად მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში ევროზონაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მცირედი ზრდა არის მოსალოდნელი.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოს საბანკო სისტემამ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში განვითარების საკმაოდ რთული გზა განვლო, მათ შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა ეროვნული ვალუტის წილი როგორც მთლიან, ასევე გრძელვადიან სესხებს შორის.

ბოლო 10-წლიან პერიოდში საქართველოში ყველა კატეგორიის სესხის განაკვეთი შემცირდა, მათ შორის ცალკეული საკრედიტო მიმართულებებით განაკვეთები განახევრდა კიდეც. თუმცა, ბოლო 2 წლის განმავლობაში პანდემიური კრიზისიდან და გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთიდან გამომდინარე ეროვნული ვალუტის მიმართულებით განაკვეთების კლება შეჩერდა და გრძელვადიანი სესხების სეგმენტში განაკვეთის ზრდა დაფიქსირდა.

სესხების განაკვეთის შემცირებაზე თავად კომერციული ბანკების ეფექტიანობაც ახდენს გავლენას. სხვაობას მოზიდული დეპოზიტების საპროცენტო სარგებელსა და გაცემული სესხების განაკვეთებს შორის საპროცენტო სპრედი ეწოდება და ის ასახავს იმ თანხას, რასაც კომერციული ბანკი უშუალოდ საკუთარი ოპერირებისთვის - აპარატის შენახვისთვის, მოგების გაცემისთვის და სხვა ხარჯების დასაფარად იყენებს. ამჟამად სპრედი (კრედიტების საპროცენტო გა­ნაკვეთსა და დეპოზიტების საპროცენ­­ტო განაკვეთებს შორის სხვაობა) 3.5%-ს შეადგენს და ის წინა წელთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით გაზრდილია, თუმცა უფრო გრძელვადიან ჭრილში საპროცენტო განაკვეთების სპრედი შემცირებულია და ის უკანასკნელი წლების განმავლობაში სესხის ღირებულების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი იყო.


ამჟამად საქართველოს საბანკო სისტემაში დანაზოგების 61% უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, უშუალოდ საქართველოს რეზიდენტების 15.6 მილიარდიან დეპოზიტებს შორის კი 11.1 მილიარდი ლარი უცხოურ ვალუტაზე, 4.5 მილიარდი ლარი კი ეროვნულ ვალუტაზე მოდის, რაც დოლარიზაციის 71%-იანი მაჩვენებელია. რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ლარის მიმართ ნდობა ევროსთან ან დოლართან შედარებით რამდენჯერმე დაბალია. ამას ობიექტური მიზეზები აქვს, რადგანაც დამოუკიდებლობის 30-წლიანი პერიოდის განმავლობაში სავალუტო რყევებისა და თუ მაღალი ინფლაციის გამო, ლარმა გრძელვადიანი დაზოგვის ფუნქცია სრულად ვერ შეიძინა.

იმ შემთხვევაში თუკი, საქართველოში მომდევნო წლებში ინფლაციის დონე შემცირდება, ასევე გაიზრდება ინვესტიციებისა და ექსპორტის მაჩვენებელი, მაშინ ქვეყნის საბანკო სისტემა მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის უფრო ხელსაყრელ ფასად შეძლებს საკრედიტო რესურსის მიწოდებას.