მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იკლებს იანვარში საწვავის იმპორტი და მოხმარება - იმპორტიორთა კავშირის განმარტება

5e43ac6227294
თელარა გელანტია
12.02.20 11:41
961
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის იანვარში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 74,7 ათასი ტონა, რაც 3,7 ათასი ტონით ანუ 4,7%-ით ნაკლებია 2019 წლის იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით (78,4 ათასი ტონა).

„იანვრის თვეში ტრადიციულად საწვავის იმპორტი და მოხმარება ყოველთვის მნიშვნელოვნად ნაკლებია წლის სხვა თვეებთან შედარებით; აღნიშნული უკავშირდება საახალწლო სადღესასწაულო დღეებს, ზამთრის მკაცრ კლიმატურ პირობებს, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება მნიშვნელოვნად კლებულობს. მომდევნო თვეებში ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად მოიმატებს“, - განმარტავენ იმპორტიორთა კავშირში.

ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის იანვარში ბენზინის და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 23,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 22,3 ათასი ტონა (29,8%), თურქმენეთი - 10,6 ათასი ტონა (14,1%); ბულგარეთი - 8,5 ათასი ტონა (11,3%), თურქეთი - 3,7 ათასი ტონა (4.9%), საბერძნეთი - 3,6 ათასი ტონა (4,8%) და სხვ.

ცნობისთვის: იანვარში უშუალოდ ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 42,0 ათასი ტონა (კლება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 9,7 ათასი ტონით ანუ 23%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 32,6 ათასი ტონა (მატება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 5,9 ათასი ტონით ანუ 18%-ით).

საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2020 წლის იანვარში ბენზინის საწვავის იმპორტი იყო: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 29,8 ათასი ტონა ანუ 70.9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 12,0 ათასი ტონა ანუ 28.5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,2 ათასი ტონა ანუ 0.5%.