მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ირჩევენ ექსპორტიორები რუსეთის ბაზარს?

628dc9f30bbef
თათია ჩაფიჩაძე
25.05.22 23:00
906
2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3% შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილზე ჩინეთია (290.4 მლნ. აშშ დოლარი), რომელსაც აზერბაიჯანი (168.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (156.4 მლნ. აშშ დოლარი) მოჰყვება.

თუ 2021 წლის იანვარ-აპრილში რუსეთის ბაზარზე 157 მლნ დოლარის საქონელი გავყიდეთ, წელს 4 თვეში 156 მლნ დოლარია. საექსპორტო სამეულის თავშია ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები.

რატომ ვირჩევთ რუსეთის ბაზარს? – ამ კითხვაზე ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციაში ამბობენ, რომ მიზეზი სავაჭრო ურთიერთობების მრავალწლიანი გამოცდილება და გეოგრაფიული მდებარეობაა, რომელიც ლოგისტიკურ დროს და ხარჯს მნიშვნელოვნად ზოგავს.

ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ არასაკმარისად განვითარებული სამაცივრე მეურნეობების გამო, ჩვენ ევროპული ბაზრისთვის სისტემური მიმწოდებლები არ ვართ, ხშირ შემთხვევაში ვერ ვაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს ხარისხთან მიმართებით. რისკებისა და ხარჯების დათვლით კი ბიზნესი არჩევანს ისევ მეზობელ რუსეთზე აკეთებს. ამ მოცემულობის შედეგია ის, რომ ბოლო წლებში ბაზრების დივერსიფიკაციაზე გააქტიურებული საუბრების მიუხედავად, დღეისათვის ქართული ხილისა და ბოსტნეულის 90% რუსეთში იყიდება.

“მიუხედავად იმ რისკებისა, რაც რუსულ ბაზარს ახასიათებს და ჩვენ წლების განმავლობაში გამოვცადეთ არაერთი ემბარგო სხვადასხვა მიმართულებით, ის მაინც რჩება მოცულობით და მიმზიდველ ბაზრად, სადაც პროდუქციის რეალიზება დიდი რაოდენობით და მაღალ ფასადაც არის შესაძლებელი.

თუმცა რუსეთის ბაზარი არასტაბილურია, მაღალი რისკებია და იმ ნეგატიური როლიდან გამომდინარე, რასაც ის ასრულებს მსოფლიოში, კიდევ უფრო იზრდება რისკები, იკარგება ურთიერთობის სურვილი. ასევე, იქმნება რისკები გაგზავნილი/ექსპორტზე გაშვებული პროდუქციის ღირებულების ვერმიღებასთან დაკავშირებითაც; თანხების გადმორიცხვის/ტრანზაქციის პრობლემაც წარმოიშვა, იყო ლოგისტიკური შეფერხებებიც.

ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე, თუმცა ეს არ არის მარტივი, ჩვენთან პიკური პერიოდები არსებობს, გარკვეულ მომენტებში ხდება მოსავლის მიღება და მერე ჩავარდნებია, ასეთი მიდგომით შორს ვერ წავალთ. შესაბამისი სამაცივრე მეურნეობები შექმნილია, თუმცა კიდევ ბევრი უნდა შეიქმნას. სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს, რათა პროდუქცია სტაბილურად იყოს წარმოდგენილი იმისათვის, რომ შესაბამისს ქსელებს ველაპარაკოთ", - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.