მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ითხოვს ბიზნესი გარემოს დაცვით კანონში 1 ივნისიდან ასამოქმედებელი ცვლილებების გადავადებას?

6081aab0564a1
ანუკა ჯოხაძე
22.04.21 20:50
872
პირველი ივნისიდან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა ამოქმედდეს, რაც საწარმოების მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების თვითმონიტორინგის გაუმჯობესებას, გაფრქვევების უწყვეტი მონიტორინგის სისტემის დანერგვას და შესაბამის აღსრულების მექანიზმებს აამუშავებს. კანონის მიზანი კერძო სექტორისთვის გასაგებია, თუმცა არსებული კრიზისული ფონისა და შეზღუდული ვადების გათვალისწინებით, ბიზნესი კანონში ცვლილებების ამოქმედების გადავადებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

“თუ იქნება პრინციპული პოზიცია, რომ არ გადავადდება, ეს ავტომატურად შეიძლება ნიშნავდეს, რომ 2 ივნისს ყველა კომპანია, რომელიც გუშინ შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი, იქნება სამართალდამრღვევი და მოუწევთ დაჯარიმება. არა იმიტომ რომ ისინი აბინძურებენ გარემოს, არმედ იმიტომ რომ მონიტორინგის დანადგარი არ აქვთ დაყენებული. ეს კი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სურდა, თუმცა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა ინფორმაციის მიწოდების დაგვიანება, მათ ვერ განათავსეს შეკვეთა და ვერ მიიღეს დანადგარი.” - ამბობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

1 ივნისიდან კანონში ცვლილებების ამოქმედებაზე მორიგი სამუშაო შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრების შორის გუშინაც შედგა. შეხვედრის დეტალებზე გადაცემა “საქმიან დილაში” პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრი ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო და ტექნიკურ დეტალებზე კერძო სექტორთან იმსჯელეს. მისი თქმით, კანონში ცვლილებების ამოქმედების გადავადება არ განიხილება, თუმცა შეხვედრები გაგრძელდება. მორიგი შეხვედრა როგორც ლაცაბიძე აანონსებს, ორშაბათსაა ჩანიშნული.

“შეხვედრაზე, რომელიც უკვე გვქონდა, საუბარი უფრო დეტალებზე იყო, რომ პირველი ივნისის რეგულაციებს დავხვდეთ მომზადებულები. სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება ისეთი შემთხვევა, რომ კერძო სექტორის მხრიდან ნახსნები ყოფილიყო რომ შესაძლო რეგულაციები საწარმოს გაჩერებაზე იქონიებდა გავლენას. როგორც მათი ხელშეწყობა გვინდა, ასევე ვზრუნავთ გარემოზე და ჯანმრთელობაზე", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრი ნინო ლაცაბიძე.

ბიზნესის თქმით, თუ ბიზნესისთვის 1 ივნისიდან საწარმოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ონლაინ კონტროლის ვალდებულების გადავადება არ მოხდება, მათი მოთხოვნაა, რომ კერძო სექტორს დამატებითი დრო მაინც მიეცეს, რომ დეტექტორების შესყიდვა მოახერხონ და ისინი დროებით სახელმწიფომ არ დააჯარიმოს.

ცნობისთვის, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში იყო ნახსენები, თვითმონიტორინგის სისტემის მოწყობა თითოეულ მავნე ნივთიერებაზე და ასეთი სულ მცირე 5-ია, საშუალოდ 10-15 ათასი ევრო ღირს.