05.დეკემბერი .2019 14:00

რატომ იწონებს რესპუბლიკური საავადმყოფო 520-ე დადგენილებას - ინტერვიუ დირექტორთან

views 1595
უკან

სახელმწიფოს კუთვნილმა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ 2019 წლის 3 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც საავადმყოფო მთავრობის მიერ მიღებულ #520-ე დადგენილებას მიესალმება. BMG-სთან საუბარში საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოფოძემ განაცხადა, რომ ტარიფების გათანაბრების შესახებ მთავრობის ბრძანება ძირითადად თანხვედრაშია იმ ტარიფებთან, რომელიც მათ სახელმწიფომ 2012 წელს დაუდგინა.

"რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს-დღეობით აქვს ჯერ კიდევ 2012 წლიდან დადგენილი ისტორიულად მინიმალური ფასები, ყველა მომსახურეობაზე. როდესაც #520-ე დადგენილება გამოქვეყნდა, რომელიც ითვალისწინებს თანაბარ პირობებში ჩაყენებას ყველა სამედიცინო სტრუქტურისა, მაშინ ჩვენ ვნახეთ რომ ეს ფასები ძირითადად არის ის, რითიც ჩვენ ამდენი წელია ვმუშაობთ. მცირედი განსხვავებაა ჩვენ ტარიფებთან, ზოგიერთი ოდნავ მაღალია, ზოგი კი ოდნავ დაბალია. ამიტომ ჩვენ უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო კლინიკამ სახელმწიფოს ამ ინიციატივას დავუჭირეთ მხარი, რადგან ჩვენ ვიყოთ კონკურენტუნარიანები სხვა კომერციულ სტრუქტურებთან მიმართებით.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ისტორიულად დაბალი ტარიფებით ვმუშაობთ, ჩვენთან მოსული პაციენტების ჯიბიდან გადახდები შესაბამისი კოდის შესავსებად არის ნაკლები, ვიდრე სხვა კლინიკებში", - ამბობს ლევან გოფოძე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საავადმყოფომ შემოსავლის სახით 16,847,000 ლარი მიიღო, თუმცა აღნიშნული შემოსავალი ყველა ხარჯის დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდა და კლინიკამ გასული წელი 833,000 ლარის ზარალით დაასრულა. 1 მილიონ ლარს შეადგენდა "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ზარალი 2017 წელსაც. კითხვაზე თუ რის გამო აქვს საავადმყოფოს ზარალი, ლევან გოფოძე ამბობს, რომ ამის მიზეზს წარმოადგენს ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფების პირობებში კლინიკას მოგების მარჟა პრაქტიკულად არ გააჩნია. ამასთანავე, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი აღნიშნავს, რომ მათთვის ფინანსურ შემოსავალზე ღირებული, პაციენტთა კეთილდღეობაა.

“ზარალის მიზეზი არის ის, რომ როდესაც საქმე დადგება იმაზე, თუ რა ხარისხის მომსახურება უნდა მივაწოდოთ პაციენტებს. ჩვენც და სხვა კლინიკებიც ერთი და იმავე მოწყობილობებს ვყიდულობთ. ბუნებრივია, რომ ჩვენთვის არსებული ტარიფების პირობებში ეს იყო ძალიან რთული დასაკომპენსირებელი. ჩვენ პრაქტიკულად მოგების მარჟა არ გაგვაჩნდა ჩადებული ამა თუ იმ კოდში, რაც კარგად ჰქონდათ გათვლილი კერძო კლინიკებს. ამან განაპირობა ის, რომ იგივე ჩვენ რეანიმაციაში არასდროს დაგვითვლია პაციენტი მომგენიანი იყო თუ წამგებიანი. პაციენტი არის ადამიანი, რომელსაც უნდა უმკურნალო და მისი სიცოცხლის შენარჩუნება არის ჩვენი პრიორიტეტი,”- ამბობს ლევან გოფოძე.

2015 წლიდან “რესპუბლიკური საავადმყოფოს” და კიდევ ორ სამედიცინო ცენტრს “საპარტნიორო ფონდი” მართავდა, თუმცა 2019 წლის 6 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ფონდის დაქვემდებარებაში არსებული კლინიკები მთავრობის საკუთრებაში გადავა. ლევან გოფოძე ამბობს, რომ ამჟამად აღნიშნულ ტრანზიციასთან მიმართებით ფონდსა და მთავრობას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

“თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიყავით “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაში და ფონდი მართავდა “კლინიკების განვითარების ფონდის” მეშვეობით. ამჟამად ისევ ფონდის მართვის ქვეშ ვართ, მაგრამ ფონდსა და სამინისტროს შორის მიღწეული შეთანხმებით, ჩვენ დე-ფაქტო გადავდივართ სამინისტროს დაქვემდებარებაში.

მე საერთოდ მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი კლინიკა და ამ კლინიკებში სახელმწიფო უნდა წარმართავდეს საყოევლთაო ჯანდაცვიდან. ეს თანხა ხომ ჩვენი - გადასახადის გადამხდელების თანხებია, ეს თანხები უნდა განკარგოს ისე სახელმწიფომ, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვის სერვისები,”- ამბობს ლევან გოფიძე.

2019 წლის 5 ოქტომბერს “საპარტნიორო ფონდმა” გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მათ მოალაპარაკებები ჰქონდათ ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც მზად იყო “რესპუბლიკური საავადმყოფო” გრძელვადიანი იჯარით აეღო და მასში 50 მილიონიანი ინვესტიცია განეხორციელებინა, თუმცა იმის გამო, რომ საავადმყოფო მართვაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გადაეცეს, არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი შეჩერდება. ლევან გოფოძე ამბობს, რომ ის ამ პროცესის შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებს და ეს უშუალოდ ფონდსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს.

"ამაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, რადგანაც ეს იყო საპარტნირო ფონდის მიერ მოძიებული ინვესტორი და ახლა უკვე "საპარტნიორო ფონდსა" და ჯანდაცვის სამინისტროს შორის, როგორ წავა კომუნიკაცია ამას ჩვენ ვერ ვმართავთ", - ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა