05.აგვისტო .2020 21:17

რატომ იხურებიან მისოები და სუსტდება თუ არა ბაზარზე კონკურენცია? - კობა გვენეტაძის განმარტება

views 567
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ცენტრალური ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირების პროცესის დროს მისოების დახურვით საფინანსო ბაზარზე კონკურენცია არ მცირდება.

წლის დასაწყისიდან 25-ზე მეტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა ბაზარი, რამდენიმე კი ლიკვიდაციის პროცესშია. კითხვაზე, რატომ იხურებიან მის-ოები და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საფინანსო ბაზარზე კუნკურენცია კიდევ უფრო მცირდება, საპასუხოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამით კონკურენცია კი არ მცირდება, არამედ ბაზარი უფრო ჯანსაღდება.

„ცალსახად აღვნიშნავ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ეს, რომ კონკურენცია კიდევ უფრო მცირდება, უფრო მეტი რაოდენობით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ამ სექტორში კონკურენცია უფრო მაღალი იქნება. კონკურენცია იქნება მაშინ, როდესაც იქნებიან ის ბაზრის მოთამაშეები, რომლებიც არიან ჯანსაღი და რომლებსაც შეუძლიათ ამ სიტუაციაში ბაზარზე ჯანსაღად მუშაობა“, - განმარტა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტმა იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რის გამოც ხდება ამა თუ იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დახურვა: „რეგისტრირებული მის-ოების კლება მნიშვნელოვნად უკავშირდება მათ მიერ საზედამხედველო ჩარჩოს დაწყებას და შემდეგ უკვე დახვეწას. ამავე დროს უნდა შევხედოთ იმას, რომ ძირითადი მიმართულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების არის ის, რომ მათ დაკრედიტება უნდა მოახდინონ ბიზნესების და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მისო-ების ნაწილი, რომლებსაც არ აქვთ რეგისტრაცია, გადაკეთდნენ სესხის გამცემ ორგანიზაციებად და ამ სტატუსით მოქმედებენ. ამან არ უნდა გამოიწვიოს არანაირად, ან ბრუნვების შემცირება ამ მიმართულებით და ჩვენ ვხედავთ კიდევაც, რომ არასაბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის მოცულობა ჯამურად სტაბილურია.

გარდა ამისა, საკმაოდ ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ მათი რეგულირება, აღმოჩნდა, რომ ვერანაირად ვერ აკმაყოფილებდა პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც იყო საჭირო იმისთვის, რომ მათ ბაზარზე ეფუნქციონირათ. ისინი იზიდავდნენ სახსრებს და ასეთი გაუმართავი მუშაობის დროს არაფრით არ შეიძლება თანხების მოზიდვა, რადგან დგება რისკები ამ თანხების დაუბრუნებლობის და არავის მოეწონებოდა თუ ამ თანხების დაბრუნება არ მოხდებოდა. აქედან გამომდინარე, აქ მთავარია ჯანსაღი მონაწილეები, კონკურენცია არის და კიდევ უფრო მეტი იქნება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა