მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იყო მკაცრი ზომები, როცა ცოტა ინფიცირებული გვყავდა და რატომ მუშაობს ეკონომიკა ახლა?

5f64898143732
ინგა მურუსიძე
18.09.20 14:12
872
თავის დროზე რომ არ მიგვეღო მკაცრი ზომები, ვერ ვიქნებოდით ქვეყანა, სადაც ერთ-ერთი წარმატებული ანტიპანდემიური ღონისძიებები გატარდა, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ოპოზიციონერ დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ მუშაობს ახლა ეკონომიკა იმ ფონზე, როცა ინფიცირებულთა რიცხვი რამდენიმე ათეულია.

„თავის დროზე, როცა პანდემია დაიწყო და არავინ იცოდა, თუ რასთან გვქონდა საქმე, ან როგორ უნდა გავმკლავებოდით ამ პროცესს, რომ არ მიგვეღო ის მკაცრი ზომები, რაც მივიღეთ, ვერ ვიქნებოდით ქვეყანა, სადაც ერთ-ერთი წარმატებული ანტიპანდემიური ღონისძიებები გატარდა. მაშინდელი 20 შემთხვევა იყო გაცილებით შემაშფოთებელი მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, რადგან ამოუცნობ პრობლემასთან გვქონდა საქმე.

ახლა ყოველგვარი პანიკის გარეშე, წერტილოვანი ზომებით ვმართავთ შემთხვევებს, რადგან გვაქვს უფრო მეტი მომზადება, მეტი ცოდნა, მართვის სხვადასხვა ბერკეტია ამოქმედებული, ტესტირების ჯერადობა გაზრდილია, ამიტომაც დღეს მეტი ინფიცირებულის შემთხვევაშიც თამამად ვამბობთ, რომ გადავედით ადაპტაციის პერიოდში. როგორც არ უნდა დაგვისვათ კითხვა, გიპასუხებთ - ეკონომიკას არ შევზღუდავთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეკონომიკებს დაარტყა არა შემზღუდავმა ღონისძიებებმა, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელებამ.

„თუკი ვირუსი უკონტროლოდ გავრცელდა, ეკონომიკა მაინც დაზარალდება და არ იმუშავებს. დღეს კი შეგვიძლია შემზღუდავი ზომები აღარ მივიღოთ და გავაჯანსაღოთ ეკონომიკა“, - ამბობს თურნავა.