მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზღუდება 15-წლიანი სავალუტო იპოთეკების გაცემა - სებ-ის განმარტება

61bc934ea43cc
შოთა ტყეშელაშვილი
17.12.21 18:00
2499
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღვრება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული. ცვლილებები ძალაში 2022 წლის პირველი იანვრიდან შევა.

გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტუაშვილმა ამ ცვლილებების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიურმა პერიოდმა აჩვენა, რომ იპოთეკურ სესხებს შორის ყველაზე მეტი რესტრუქტურიზაცია სწორედ ევროს და დოლარის სესხებს შეეხო და ამ მიმართულებით უფრო მეტი რისკები არსებობს, ვიდრე ლარის იპოთეკურ სესხებში. უტიაშვილის თქმით, ამ მიმართულებით სწორედ 10 წელზე უფრო ხანგრძლივი კრედიტები გამოირჩევიან.

დავით უტიაშვილის თქმით, სებ-მა დაინახა, რომ ამ სეგმენტში დაკრედიტება წლიურად 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო კომპანიების მხრიდან საკუთარი უძრავი ქონების რეკლამირება მათ შორის გრძელვადიანი იპოთეკური სესხების მეშვეობითაც ხდება, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა შემზუღდველი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა.

“ჩვენ დავადგინეთ, რომ 15 წლის ნაცვლად ეს სესხები იქნება მაქსიმუმ 10 წლის. ასევე გვაქვს სესხის მომსახურების კოეფიციენტები. თუკი ადამიანი ჯდება ამ კოეფიციენტებში, მას არაფერი უკრძალავს, რომ აიღოს სესხი.

თქვენ გქონდათ სტატისტიკა, თვეში საშუალოდ 500 ადამიანი იღებს უცხოური ვალუტის იპოთეკურ სესხს, რომელიც ამ კრიტერიუმებში ჯდება.

პანდემიის პერიოდში ძირითადი გამოსავალი რა ნახეს მსესხებლებმა - მივიდნენ კრედიტორებთან და უთხრეს, რომ გადავადებულიყო სესხები პანდემიური პრობლემების გამო. თუ ჰქონდათ 10-წლიანი სესხი, დააგრძელვადიანეს 15-წლიან სესხზე. ამით მიიღეს შეღავათი ყოველთვიურ გადახდებში.

ჩვენ რაც გავაკეთეთ ვადიანობის შემცირებით იყო ის, რომ თუ ეს სესხები იქნება 10-წლიანი, მსესხებელს ექნება მეტი შესაძლებლობა, დააგრძელვადიანოს 15 წელზე ან 20 წელზეც დააგრძელვადიანოს სტრესის დროს.

კომერციულმა სექტორმა მსესხებლებს უბიძგა, რომ აიღონ შედარებით გრეძლვადიანი სესხი და თუ უკვე 15-წლიანი სესხი აქვს მომხმარებელს, მისი დამატებით დაგრძელვადიანებით ვერ იღებ შეღავათს, ამიტომ ჩვენ შევამცირეთ ეს ზღვრები და ვფიქრობთ, მეტი ბუფერი შევუქმენით მსესხებელს, რომ სტრესის დროს გადაავადოს.

იპოთეკებში მასიურად დავინახეთ, რომ იყო გადავადებები.

დოლარის ან ევროს სესხი შეიძლება ჩანდეს, რომ იაფია საპროცენტო განაკვეთს თუ შევხედავთ, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ ჩვენთან საკმაოდ მაღალია სავალუტო რისკი. ასევე ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ვხედავთ რა ხდება მაგალითად, თურქეთში, სხვა ქვეყნებშიცაა სავალუტო მერყეობა. ასეთ პირობებში მსესხებელს, რომელსაც შესაძლოა, კარგად არ ჰქონდეს გაანალიზებული საკრედიტო რისკები და აიღოს სავალუტო სესხი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან რისკიანი.

ეს რისკიანია განსაკუთრებით მაშინ, თუკი ვალის ტვირთი დიდია და სესხის მომსახურების კოეფიციენტი შემოსავალთან არის 30%-ზე მაღალი ან იღებს ძალიან გრძელვადიან სესხს. გრძელვადიანი სესხი ყოველთვის მეტ რისკებთან ასოცირდება, რადგან გაცვლითი კურსის მერყეობა გრძელ ვადაში შეიძლება მეტი იყოს. მეტია ალბათობა, რომ მოხდეს შოკი, მეტია ალბათობა, რომ დაკარგოს შემოსავალი. შესაბამისად, თუ ჩაჯდება მომსახურების კოეფიციენტებში, ეროვნული ბანკი მას არ უკრძალავს სესხის აღებას.

გამომდინარე იქიდან, რომ 200,000 ლარამდე კრედიტები ისედაც ჩაკეტილია, მსესხებლების უდიდეს ნაწილს ისედაც არ მიუწვდება ხელი სავალუტო სესხებზე.

ახლა საპროცენტო განაკვეთების გამკაცრება არის მაინც დროებითი ფაქტორი ინფლაციიდან გამომდინარე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლის მეორე ნახევარში ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალებას მოგვცემს, რომ საპროცენტო განაკვეთები შევამციროთ.

ვფიქრობთ, გრძელვადიანი ნეიტრალური საპროცენტო განაკვეთი მონეტარული პოლიტიკის არის, დაახლოებით, 7% და ეს ნიშნავს იმას, რომ სესხები იქნება ხელმისაწვდომი დაახლოებით 9%-ში, როგორც ეს იყო მაგალითად 2019 წელს.

მე ვუსმინე "გალტ ენდ ტაგარტის" ინტერვიუს და ცოტა სამწუხაროა, რომ მათ რისკებზე არ გააკეთეს აქცენტი. იყო არაერთი დეფოლტები ამ მიმართულებით.

ვხედავთ, რომ ამ წუთას დოლარიზაცია არის გამოწვევა, სესხების ზრდა არის მაღალი და არის 10% და ეს მოცემულობა საშუალებას გვაძლევდა, რომ ყველაზე რისკიანი პორტფელი შევზღუდოთ. ყოველთვის შეიძლება რაღაცას ველოდოთ, მაგრამ ვხედავთ, რომ ამჟამად რისკები აქ გვქონდა,” - განაცხადა უტიაშვილმა.

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ეკონომისტ ლაშა ქავთარაძის შეფასებით კი, ეროვნულმა ბანკმა ამ შეზღუდვის დაწესებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც მომდევნო წელს ისედაც მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთების კლებით ლარის იპოთეკები გაიაფდეს, ხოლო თავად FED-ის მიერ მოსალოდნელია დოლარის განაკვეთის ზრდა, რაც დოლარის სესხებს გლობალურად გააძვირებს. ამ პროცესების შედეგად კი სხვაობა ლარის და სავალუტო სესხებს შორის თავისთავადაც შემცირდება, რაც ისევე ლარის მიმზიდველობას გაზრდის.

ამ პოზიციას არ ეთანხმება ეროვნული ბანკი. დავით უტიაშვილის განმარტებით, FED-ის მხრიდან განაკვეთის მატება 0.25 პროცენტული პუნქტის ფარგლებში შეიძლება მოხდეს, რაც ბაზარზე საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობებს მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს.

“რაც შეეხება FED-ის გადაწყვეტილებას, აქ საუბარია 0.25%-ზე რაც მატერიალურ გავლენას საპროცენტო განაკვეთებზე ალბათ ვერ მოახდენს. ყოველ შემთხვევაში, ამას ახლო ჰორიზონტზე გავლენა არ ექნება.

თუ შევხედავთ, რომ სესხების ზრდა ნომინალურ ეკონომიკურ ზრდაზე დაბალია, კი შეიძლება არ ჩავთვალოთ დიდ რაოდენობად, მაგრამ მონეტარული პოლიტიკის გადმოსახედიდან ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს სესხების მოთოკვას, ამიტომ სინერგია იყო ამასთან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება, სადაც დოლარში სესხები შეიზღუდა.

დაახლოებით, 25% არის ამ კატეგორიის მსესხებელთა შორის, რომელთაც მოუწევთ რომ ან უფრო მცირე სესხი აიღონ ან ლარის სესხი აიღონ.

ჩვენ გვახსოვს 200,000 ლარამდე კრედიტების შეზღუდვაზეც როგორი შეფასებები იყო, რომ ბინები აღარ გაიყიდებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ დაახლოებით, სამი თვე დასჭირდა სექტორს გადაწყობისთვის. ახლაც იგიგვე მოლოდინი გვაქვს, რომ მსესხებლების ნაწილი ლარში გადავა და მათ შეიძლება მოუწიოთ მიმდინარე პერიოდში უფრო მაღალი განაკვეთების გადახდა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში, როცა ინფლაცია დასტაბილურდება, ეს დიფერენციალი შემცირდება. რაღაც ნაწილი იქნება მსესხებლები, რომელთაც მოუწევთ, რომ ნაკლები ისესხონ რადგანაც ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი მაღალი ვალის ტვირთი მისთვის იყო რისკიანი,” - ამბობს დავით უტიაშვილი.

რამდენი მოქალაქე იღებდა 10 წელზე მეტი ვადის სავალუტო იპოთეკებს:

2021 წლის 10 თვეში 10 წელზე მეტი ვადიანობის სულ 18,359 იპოთეკური სესხი გაიცა. აქედან 14,217 ლარის იპოთეკები იყო, 4,142 კი - დოლარის და ევროს იპოთეკური კრედიტები. შესაბამისად, რაოდენობრივად ლარის იპოთეკები 10 წელზე ხანგრძლივ სეგმენტში სავალუტო იპოთეკებს რამდენჯერმე აჭარბებს.

რაც შეეხება ღირებულებას, ამ სესხების მთლიანი ღირებულება 2.22 მილიარდი ლარი იყო. მათ შორის დოლარის და ევროს კრედიტების მოცულობა 1.18 მილიარდი, ლარის იპოთეკების მოცულობა კი 1.05 მილიარდი ლარი იყო.

ასეთი გადანაწილება გამოწვეულია იმით, რომ ლარის იპოთეკური სესხის მოცულობა რამდენჯერმე უფრო მცირეა, ვიდრე დოლარსა და ევროში აღებული სესხების მოცულობა. კერძოდ, 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 10 წელზე ხანგრძლივი ლარის იპოთეკის საშუალო მოცულობაა 77,155 ლარი, დოლარის და ევროს იპოთეკის მოცულობა კი 275,446 ლარია. ასეთი სხვაობა მათ შორის გამოწვეულია იმითაც, რომ 200,000 ლარზე დაბალი სესხების აღება ქვეყანაში მხოლოდ ლარშია შესაძლებელი.