მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება კოვიდის მკურნალობის ბიუჯეტი 47 მლნ-ით? - მთავრობის განმარტება

6331816f8cb40
BM.GE
26.09.22 14:47
575
საქართველოს მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდ 19-ის მკურნალობისთვის დამატებით 47 მილიონ ლარს გამოუყოფს - ამას ბიუჯეტის კორექტირების პროექტი ითვალისწინებს, რასაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს. კითხვაზე თუ რატომ გახდა ამ თანხის დამატება საჭირო, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ საუბარია კონკრეტული თარიღის მდგომარეობით საავადმყოფოში მოხვედრილი კოვიდ პაციენტების ხარჯების დაფინანსებაზე. ამასთან, კაკაურიძე იმედს გამოთქვამს, რომ 2023 წელს კოვიდის მკურნალობის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდება. წელს ვირუსის მკურნალობა ბიუჯეტს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაუჯდა.

“ეს თანხა, რაც კოვიდის მიმართულებით ემატება, არის კონკრეტული თარიღის მიხედვით, საავადმყოფოში მოხვედრილი ადამიანის მკურნალობის ხარჯი, მხოლოდ ამ კატეგორიას ემატება, სხვას არ ემატება. როგორც საყოველთაო ჯანდაცვაში გვაქვს ტარიფები თითოეულ ნოზოლოგიაზე, იგივენაირად არის აქაც.. კონკრეტული ტარიფის მიხედვით, სამ კატეგორიად არის დაყოფილი პაციენტი: რომელსაც რეანიმაციული მომსახურება სჭირდება, რომელსაც არ სჭირდება და რომელიც ამბოლატორიულ ნაწილში ამთავრებს, ეს რაც გვაქვს დატარიფებული, იმის მიხედვით ხდება ანაზღაურება. წლის ბოლომდე, რაც უკვე წარმოდგენილია და რასაც ჯანდაცვა პროგნოზირებს, მომდევნო სამ თვეში დასჭირდება, ეს ის თანხაა.

ქრონიკულს რაც შეეხება, მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, წლევანდელი 500 მლნ-იდან გაცილებით ცოტა დარჩება კოვიდის ნაწილში და მართლა დასრულებისკენ იქნება და როგორც ჩვეულებრივი სხვა დაავადებები, ესეც საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილი იქნება, ალბათ ასე უნდა გადავიდეთ საბოლოო ჯამში.

რაც შეეხება მედიკამენტებს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი პროგრამა გაკეთდა. გაფართოვდა და მედიკამენტების რაოდენობაც გაიზარდა და ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს. ვერ გეტყვით რომ ყოველ ადამიანზე გავაკეთებთ სუბსიდირებას. ალბათ არასწორი იქნება, თუმცა ჯანდაცვა მუდმივად ცდილობს გააფართოოს კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ დახმარებას”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, კოვიდ 19-ის შესახებ კაკაურიძეს კითხვა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ დაუსვა. მისი განცხადებით, უმჯობესი იქნება, მთავრობამ ჯანდაცვის მიმართულებით სხვა ხარჯების ზრდა განახორციელოს.