23.იანვარი .2021 15:14

რატომ იზრდება უცხოური ინვესტიციები ქართულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში - კობა გვენეტაძის პასუხი

რატომ იზრდება უცხოური ინვესტიციები ქართულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში - კობა გვენეტაძის პასუხი
views 798
უკან

უცხოელი ინვესტორების ინტერესი საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიმართ მზარდია. უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში 2020 წლის დეკემბრისთვის 657.6 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებია, წლიურ ჭრილში ეს მოცულობა 277 მილიონი ლარით (72%-ით) არის გაზრდილი. სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფო ობლიგაციების საშუალო სარგებელი 8.17% იყო.

BMG-სთან საუბარში კობა გვენეტაძე ამბობს, რომ უცხოელი ინვესტორების ინტერესს ამ აქტივების სარგებლიანობასთან ერთად საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრებიც განაპირობებს. 

"დიდ სურათს თუ შევხედავთ, რას უყურებენ ინვესტორები არის ის თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა შოკებს. თუკი მაკროეკონომიკური მენეჯმენტი ქვეყანაში არის სწორი, ინვესტორი აანალიზებს რომ იქ ჩადებული თანხა უფრო მაღალ შემოსავალს მოუტანს, ვიდრე სხვაგან. ინვესტორი უყურებს თუ სად შეიძლება მან უფრო მაღალი საპროცენტო შემოსავალი მიიღოს და ადარებს. მაგრამ მხოლოდ ნომინალური რიცხვი, რაც არის საპროცენტო განაკვეთი არაფერს ამბობს, რადგან მან უნდა გადახედოს ქვეყნის პროფილს IMF-ის, EBRD-ის და სხვა სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს და ასე მიიღოს გადაწყვეტილება,"- გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა გვენეტაძემ. 

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებამდე არსებობდა მოლოდინი, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები საქართველოს საკრედიტო რეიტინგს ზრდის მიმართულებით გადახედავდნენ, თუმცა კრიზისის გამო ეს არ მოხდა. 

"საქართველოს საკრედიტო რეიტინგი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2017 წელს გაუმჯობესდა. ამჟამად ორი ნაბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგის მიღებას და დიდი იმედი გვქონდა, რომ ეს წელს მოხდებოდა.

ამასთან, საკრედიტო რეიტინგის ზრდა მოხდა იმ პირობებშიც, როდესაც ლარის გაცვლითი კურსი უფასურდებოდა. ანუ ეს ნიშნავს, რომ სარეიტინგო სააგენტოები აფასებდნენ, რომ იმ პოლიტიკის მეშვეობით რაც ქვეყანაში ტარდებოდა, საქართველო შოკებს გაუმკლავდებოდა,"- ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 

2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობა 5.8 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ ვალდებულებების 11.3% უცხოელი ინვესტორების საკუთრებაშია. ფასიანი ქაღალდების პორტფელის 70%-ს ქართული კომერციული ბანკები ფლობენ, 17% კი, ეროვნულ ბანკს ეკუთვნის. 

სხვა ადგილობრივი ინვესტორები (კომერციული ბანკების გარდა) 58 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს ფლობენ. 





მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა