13.ოქტომბერი .2021 12:28

რატომ მცირდება 2022 წლის ბიუჯეტში covid-ის ხარჯები? - გიორგი კაკაურიძის პასუხი

რატომ მცირდება 2022 წლის ბიუჯეტში covid-ის ხარჯები? - გიორგი კაკაურიძის პასუხი
views 324
უკან

"იმედი გვაქვს, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზრდება, ხოლო ინფიცირება დაიკლებს და covid-ხარჯებისთვის დაფინანსების შემცირებაც ამას უკავშირდება", - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ „ლელოს“ წევრის, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კითხვას, რომელიც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში covid-ხარჯების 500 მლნ ლარამდე შემცირების მიზეზებს უკავშირდებოდა.

„ალბათ არ ელოდებით, რომ 2022-ში გვექნება ვირუსი და მძიმე ზეგავლენები მთელი მიმართულებებით... რატომ მცირდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი covid-ის ნაწილში? რას ეფუძნება ეს გათვლა? ასევე საინტერესოა, რატომ არაა შეღავათები გათვალისწინებული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის - ეს რა გათვლას ეფუძნება? რის საფუძველზე ფიქრობთ, რომ 2022 წელს covid-ი აღარ გვექნება?!“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა გიორგი კაკაურიძეს.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატებს covid-ის ხარჯების შემცირების მიზეზები განუმარტა და აღნიშნა, რომ თუ დაფინანსების გაზრდა საჭირო გახდება, სხვა პროგრამების დაფინანსება უნდა შემცირდეს.

„რთულია წინასწარი პროგნოზი გააკეთო, თუ რამდენი ინფიცირებული გვეყოლება მომავალ წელს. წელს ჯანდაცვის ბიუჯეტში covid-19-ის მართვისთვის 820 მლნ ლარამდეა ხარჯი, ხოლო მომდევნო წელს გათვალისწინებულია 500 მლნ ლარი. ეს შემცირება გამოიწვია გათვლებმა - გასულ წელს ყველაზე მწვავე პერიოდი გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში, ამიტომ ხარჯები 2021 წელს ავანაზღაურეთ.

გადმოყოლილი ვალდებულებების გამო მეტი თანხის დახარჯვა გახდა საჭირო. თუნდაც არასაკმარისი, მაგრამ ვაქცინაციის 30%-იანი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მოლოდინი გვაქვს, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებელი შემცირდება. 500 მილიონ ლარში გათვალისწინებულია ვაქცინების შეძენის ხარჯიც. ასევე, ეს თანხა საკმარისია 250-300 ათასი ადამიანის სამკურნალოდ. იმედი გვაქვს, რომ ვაქცინაციიის მაჩვენებელი გაიზრდება, ხოლო ინფიცირება დაიკლებს და ნახევარი მილიარდი ლარი საკმარისი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს სხვა პროგრამებისთვის განკუთვნილი თანხების შემცირება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა