მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მცირდება მსოფლიოში ულტრამდიდარი ადამიანების რაოდენობა? - მიზეზები

646f2f7eed6fd
ლიკა მეგუთნიშვილი
26.05.23 00:05
738
ულტრა მდიდარი ადამიანების რაოდენობა გლობალურად მცირდება. Wealth Report-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, გასულ წელს იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ქონება 30 მილიონ დოლარს აღემატება 4%-ით შემცირდა და 579,625 შეადგინა. 2021 წელს კი, ეს მაჩვენებელი 602,553 იყო.

როგორც Wealth Report-ის კვლევაშია აღნიშნული, მდიდრების რაოდენობის შემცირება დიდწილად დაბალეფექტიანი აქციებისა და ობლიგაციების ფლობას უკავშირდება და გაცხადებულია ისიც, რომ ეს ვარდნა სავარაუდოდ ხანმოკლე იქნება.

ყველაზე მეტი ულტრა მდიდარი ადამიანი ევროპის კონტინენტმა დაკარგა. მათი რაოდენობა 2022 წელს 8.5%-ით შემცირდა და ამჟამად 155,996-ს შეადგენს. თავად კონტინენტზე მაღალშემოსავლიანი პირების რაოდენობა ყველაზე მეტად, 17%-ით შვედეთში შემცირდა, 13%-იანი კლება ფიქსირდება რუმინეთსა და ავსტრიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ეს მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს, ხოლო გერმანიაში კლება 11%-ია.

ულტრა მდიდრების რაოდენობის კლება ევროპაში ძირითადად 2022 წლის მეორე ნახევარში ფინანსური ბაზრის ვარდნას უკავშირდება. ინფლაციამ, განსაკუთრებით კი ენერგო ხარჯების მატებამ, ყველა სხვა კონტინენტზე მეტად, სწორედ ევროპა დააზარალა. ამ ყველაფერმა თავისთავად ფინანსური ბაზრების მუშაობაზე იმოქმედა და პორტფელებში ფინანსური აქტივების ღირებულების შემცირება განაპირობა.

გასულ წელს ევროპაში ულტრა მდიდრების რაოდენობა მხოლოდ ირლანდიასა და მონაკოში გაიზარდა. ირლანდიის შემთხვევაში ზრდის მაჩვენებელი 4%-ია და იქ ამჟამად თავს 2,302 ულტრა მდიდარი ადამიანი იყრის, ხოლო მონაკოში მატება 1%-ია, ულტრა მდიდრების რაოდენობა იქ 112-ით განისაზღვრება.

ევროპის შემდეგ ყველაზე მკვეთრი, 6.5%-იანი კლება აზიაში ფიქსირდება. კონტინენტზე ულტრა მდიდრების რაოდენობა ამჟამად 150,362-ია. აზიაში კლების ტენდენცია ყველაზე მეტად ვიეტნამში შეიმჩნევა, რაც 12%-ით განისაზღვრება, 10%-იანი კლება ფიქსირდება ტაივანსა და სამხრეთ კორეაში, ინდოეთში კი ეს მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ულტრა მდიდრების რაოდენობის ზრდის ტენდენციას, ყველაზე მეტად ეს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია გამოხატული, სადაც გასულ წელს უმდიდრესი ადამიანების რიცხვი 18%-ით გაიზარდა და ამჟამად საამიროები 1,116 ისეთ პირს აერთიანებს, ვისი ქონებაც 30 მილიონ დოლარს აღემატება. ზოგადად კი, საამიროებში თავს, 17 500 მაღალშემოსავლიანი პირი იყრის.

ზრდა ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ოთხ ქვეყანაში ფიქსირდება, ესენია: საუდის არაბეთი, მალაიზია, ინდონეზია და სინგაპური. აღსანიშნავია, რომ მდიდრების რაოდენობა იზრდება ასევე თურქეთშიც. ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ულტრა მდიდრების რიცხვი გასულ წელს 8%-ით გაიზარდა და მათი რაოდენობა ამჟამად 1,006-ს შეადგენს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, გასულ წელს ულტრა მდიდრების რაოდენობა 1%-იანი კლება დაფიქსირდა და ამჟამად მათი რაოდენობა 203,338-ით განისაზღვრება.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, Wealth Report-ის თანახმად, მომდევნო წლებში ულტრამ მდიდრების რაოდენობის შემცირების დინამიკას ზრდის ტენდენცია შეცვლის. 2027 წლისთვის მათი რაოდენობა 28,5%-ით გაიზრდება და 750,000-ს მიაღწევს. მილიონერების რიცხვი კი 57%-ით გაიზრდება და 100 მილიონს გადააჭარბებს.

ნავარაუდევია ისიც, რომ ხუთწლიან პერიოდში ზრდის ყველაზე მაღალ, 75%-იან მაჩვენებელს უნგრეთი დააფიქსირებს, რასაც ულტრა მდიდრების რაოდენობის 70% და 67%-იანი ზრდით თურქეთი და პოლონეთი მოჰყვება.

Wealth Report-ის თანახმად, მომდევნო ხუთ წელში უნგრეთსა და პოლონეთში მდიდარი მოსახლეობის ზრდას ცალსახად საწარმოო ინდუსტრიის განვითარება განაპირობებს.