20.ოქტომბერი .2020 09:00

რატომ მიდიან ბიზნესმენები პოლიტიკაში? - ინტერვიუ ლაშა პაპაშვილთან

views 734
უკან

31 ოქტომბერს საქართველო X მოწვევის პარლამენტს აირჩევს. ბიზნესმენების პოლიტიკაში წასვლა ახალი არაა, მაგრამ წლევანდელ არჩევნებზე ბიზნესმენთა ერთგვარი „ცვენაა“ და აქტუალურია კითხვაც - რა აიძულებთ ან რატომ მიდიან ბიზნესმენები პოლიტიკაში. „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ფიქრობს, რომ მთავარი ფაქტორია „მე“. „ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმას ჩვენ ყოველთვის გვაიძულებს ჩვენი მე, ასეა ყველა საქმეში, მაგრამ მთავარია, ეს „მე“ რამდენად ხარისხიანია“, - ამბობს ბიზნესმენი bm.ge-ისთან ინტერვიუში.

- როგორ ფიქრობთ, რატომ მიდიან ბიზნესმენები პოლიტიკაში? წლევანდელ არჩევნებზე განსაკუთრებული „ცვენაა“...

- ბიძინა ივანიშვილი წავიდა პირველი. მაგალითი მისცა და მიყვნენ სხვებიც...

- კარგი მაგალითი მისცა?

- ვფიქრობ, ცუდი არაა ბიზნესმენის პოლიტიკაში წასვლა, პირიქით, კარგია; იმდენად თვითმყოფადია ბიზნესმენი, თან წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც რაღაცეები შექმნა ქვეყანაში, რატომაც - არა...

- და მაინც, რატომ მიდიან თქვენი აზრით, ბიზნესმენები პოლტიკაში - ივანიშვილი გვახსოვს.. ახლა მამუკა ხაზარაძე მიდის პირველად...

- ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმას ყოველთვის გვაიძულებს ჩვენი „მე“; ასეა ყველა საქმეში, მაგრამ მთავარია, ეს „მე“ რამდენად ხარისხიანია. ის კონკრეტული პრობლემები რატომაც წავიდნენ ან რასაც აანონსებენ, თემაა, მაგრამ ისედაც ბევრნი იყვნენ და მიდიან პოლიტიკაში. მაგალითად, ცეზარ ჩოჩელი, კახა ოქრიაშვილი. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, ის სხვა თემაა... ის ახალია და პირველად მიდის, როგორც თავის დროზე - ბიძინა ივანიშვილი; ცუდი არაა. კარგი იქნება, რომ კოალიცია იყოს, ერთ პოლიტიკას მიჰყვნენ და პარლამენტში ყაყანი არ იყოს. ისედაც დაქუცმაცებული კიდევ არ დავქუცმაცდეთ და რაც მიღწეული გვაქვს, ისედაც არ დავკარგოთ, მაგრამ პლურალიზმი და აზრთა სხვადასხვაობა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. მთავარია, როცა მთავრობის დამტკიცება იქნება, იქ ჩემი - შენი არ დაიწყონ და ხმა მართლაც ღირსეულს მისცენ; დამღუპველი იქნება, თუ ისინი, ვინც პარლამენტში მოხვდებიან, ამ სიმაღლეზე ვერ ავიდნენ. მთავრობის შემადგენლობა არის გადამწყვეტი. კანონ-შემოქმედება კარგია, მაგრამ კოვიდს პარლამენტი ვერ გაუმკლავდება, ეკონომიკურ აღმავლობას პარლამენტი ვერ შექმნის, ის მაინც ფონურია. რა თქმა უნდა, დიდი ზურგია სწორი კანონმდებელი, მაგრამ მე ყოველთვის მომხრე ვარ პრატიკოსი მენეჯერების. მთავრობა უნდა იყოს ძლიერი.

- რას ურჩევდით ბიზესიდან პოლიტიკაში წასულ ბიზნესმენებს თუ, რა თქმა უნდა, პარლამენტში მოხვდებიან?

- უმთავრესია თავმდაბლობა... ვურჩევდი და ვურჩევ ამას.

- საკანონმდებლო საქმიანობაში რჩევები ვიგულისხმე. რა კუთხით უნდა იყვნენ აქტიურები პარლამენტში?

- მე-მე-მე არ იძახონ... სულ მე-ს თუ იძახი, პრობლემაა. რა თქმა უნდა, მიზანდასახული უნდა იყო და ზოგჯერ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც მოკრძალებით, თავმდაბლურად. ყველაზე მთავარია მაინც, მთავრობა იყოს ნაკითხი, განათლებული... მთავრობაში მყოფი ადამიანი ერთ წამით არ უნდა ჩამორჩეს მიმდინარე მოვლენებს, სულ მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. გამოცდილი ხალხი გვინდა ხელისუფლებაში. პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსვლიდან 30 წლის შემდეგაც თავიდან გვაქვს ეკონომიკა ასაშენებელი. უამრავ ადგილას გვაქვს ეკონომიკური ყამირები - ესა თუ ის ინდუსტრია არის განუვითარებელი...

- თქვენ ახსენეთ, რომ მთავარია, მთავრობაში იყოს გამოცდილი და პრაქტიკოსი მენეჯერები, მაგრამ მითუმეტეს საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტს ხომ დიდი წონა აქვს...

- ჩემი იურისტები გაბრაზდებიან ახლა, მაგრამ ვიტყვი - იურისტებს თუ მისცემ ბიზნესს საკეთებლად, აუცილებლად დაჩეხავენ - ეს არ შეიძლება. ისინი უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ კანონები, როგორც ხელსაწყო შექმნან, მაგრამ შემოქმედია მთავრობა.

- თუმცა ეს კანონები უნდა დაიწეროს ისე, რომ მერე მათ უზრუნველყონ კარგი ბიზნეს-გარემო, თუ რაზეა ეს დამოკიდებული?

- შეიძლება, ბრწყინვალე კანონები გქონდეს, მაგრამ მისი ადმინისტრირება ვერ მოხერხდეს, რადგან მთავრობა იყოს უნიათო და ვერ მოახერხოს და ეს შენი ბრწყინვალე კანონები დაგრჩება კანონებად, ამიტომ მთავარია აღმასრულებელი რგოლი - მსოფლიო ისტორია ამას აჩვენებს. კანონმდებლებს არ შეუქმნიათ მსოფლიო, ის შექმნეს პრაქტიკოსებმა. ვინც მთავრობაში იყვნენ და აღასრულებდნენ კანონებს.

- და ყველაზე მთავარი, ალბათ, მაინც პოლიტიკური ნებაა...

- ნება - არა, რადგან თუ კარგი მენეჯერი ხარ, ნების არსებობა ავტომატურად იგულისხმება; დამოუკიდებელობის ხარისხის გარეშე არ არსებობს კარგი მენეჯერი. თუ უფლებები არ მოგცეს, ეუბნები, რომ მიდიხარ სახლში.

- შესაძლოა, რომ ერთ დღესაც ლაშა აპაპაშვილიც ვიხილოთ პოლიტიკაში?

- ვინ იცის, რატომაც არ შეიძლება?!

- გიფიქრიათ?

- მაგაზე ფიქრის მეტს რას ვაკეთებ - დათა თუთაშხიას დაესესხები, თუმცა ახლა არანაირი წინაპირობა არაა, რომ წავიდე პოლიტიკაში; ისე წლებია არაფერზე ვამბობ არას.

- რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან შემოთავაზება გქონიათ?

- არასოდეს; ვხუმრობ ხოლმე - არავის დავუპატიჟებივარ და როგორ წავალ პოლიტიკაში-მეთქი. მოკლედ, პოლიტიკაში რომ აღმოვჩნდე, ამის წინაპირობა ახლა არაა, ან რა მინდა?! შეიძლება, როცა აქტიურ ბიზნესს დავანებებ თავს, მერე ვიფიქრო...

- და ბოლოს, ბატონო ლაშა, ისე რენესასმა გვერდი აგვიარა? გავუშვით შანსი?

- 2012 წელში დაბრუნდით?! არა, მგონია, რომ გვერდი აგვიარა. კარგად მივდივართ... სწორ გზაზე ვართ, დასავლეთისკენ, ევროპისკენ.

- „ოცნების“ მთავრობამ რვა წელი რამდენად ეფექტიანად გამოიყენა?

- ნორმალურად გამოიყენა.

- რამდენ ქულას დაუწერდით?

- 5-დან 4 ან 3.5 ქულას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა