მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მიიღეს აბონენტებმა დასუფთავების გაორმაგებული გადასახადი? - ენერგოომბუდსმენი

62077b67d6ab9
ინგა მურუსიძე
12.02.22 13:45
1786
უკვე მეორე თვეა მომხმარებელთა დიდი ნაწილი გაზრდილ გადასახადებზე აცხადებს. მოქალაქეები ამბობენ, რომ იანვარში როგორც ელექტროენერგიის, ისე დასუფთავების და წყლის გაორმაგებული გადასახადი მიუვიდათ. შედეგად, „თელასსა“ და „თელმიკოში“ სემეკი შევიდა და მათ საქმიანობას სწავლობს. რაც შეეხება დასუფთავების მოსაკრებელს, ეს ენერგეტიკის რეგულირების სფეროში არ შედის.

ენერგოომბუდმენი სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ იანვარში დასუფთავების მოსაკრებლის გაორმაგებული გადასახადის დარიცხვა დეკემბერში მოსულ ქვითრებს უკავშირდება.

„დასუფთავების ნაწილი ენერგეტიკის სფეროში არ შედის. ეს გახლავთ მუნიციპალური, ადგილობრივი თვითმმართველობის რეგულირების ქვეშ არსებული სამსახური. მე ამაზე კომენტირებას არ უნდა ვაკეთებდე, თუმცა რადგან ეს არის ჩვენი საერთო ადმინისტრირების სფეროში, დავინტერესდით საკითხით და განგიმარტავთ რა მოხდა: ზოგიერთ აბონენტს, დეკემბერში არ გაეგზავნა ქვითარი, ან მიიღო ხარჯი 0 ლარი. შესაძლოა, მომხმარებელი არ დააკვირდა, რომ არ გადაიხადა გადასახადი, ხოლო იანვარში მას უკვე გაორმაგებული სახით მიუვიდა დავალიანება. ასეთი ქვითარი ძალიან ბევრია“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

ენერგოომბუდსმენი ვერ ხსნის, თუ რატომ მოხდა ეს, თუმცა ყველა უფლებადარღვეულ აბონენტს მოუწოდებს, ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართოს.

„თუ დეკემბერში გადაიხადეთ გადასახადი და იანვარში კვლავ მაღალი დავალიანება დაგერიცხათ, ხართ იმ გამონაკლისების სიაში, რომლებიც დაიჩაგრნენ და დაირღვა თქვენი უფლებები. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ მერიას“, - თქვა სალომე ვარდიაშვილმა.