08.მაისი .2020 16:24

რატომ მიიღეს ბანკებმა 747 მლნ-იანი ზარალი? - ალექსანდრე ძნელაძე მიზეზებს განმარტავს

views 491
უკან

საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 747 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ამის შესახებ თითოეულის მიერ სებ-სთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან ხდება ცნობილი. ეს ამ სტატისტიკის წარმოების ისტორიის განმავლობაში, ზარალის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ბანკების მიერ 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვება გახდა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

გადაცემა "საქმიან დილაში" საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ამ შედეგების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ჯერჯერობით ბანკები საოპერაციო მომგებიანობას ინარჩუნებენ, ხოლო თავად შესაძლო დანაკარგებისთვის თანხების დარეზერვება კი საკმაოდ კონსერვატიული გათვლების საფუძველზე მოხდა.

"შესაძლოა, ამ რაოდენობის სესხების გადეფოლტება მოხდეს და ისინი არ დაბრუნდეს ბანკში. ეს არის პირობითი შეფასება, ეს არ იყო ინდივიდუალურ სესხებთან მიმართებით გატარებული შეფასება, ეს იყო ჯამური რეზერვის გატარება იმ პორტფელების მიხედვით, რომლებიც ჰქონდათ კომერციულ ბანკებს. აღნიშნულის გადახედვა შემდგომი 2-3 თვის განმავლობაში მოხდება და დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო კონსერვატიული იყო აღნიშნული მიდგომა და იმედია, რომ ეს რეზერვები იქნება იქნება უფრო მცირე, ვიდრე დღეს არის ასახული", - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის წმინდა ზარალი "თიბისი ბანკს" უფიქსირდება და ის 277.4 მილიონ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა "საქართველოს ბანკი", რომლის ზარალიც 276 მილიონი ლარი იყო.