22.ივნისი .2022 16:21

რატომ მისცეს უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია? - პრემიერის განმარტება

რატომ მისცეს უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია? - პრემიერის განმარტება
views 667
უკან

„მინდა განვუმარტო ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს, უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

მან ის ფაქტორები დაასახელა, რის გამოც საქართველოს კანდიდატის სტატუსის სარეკომენდაციო სიაში, დამსახურების მიუხედავად, ვერ მოხვდა.

„მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი გადაწყვეტილება დამსახურებაზე იქნებოდა დაფუძნებული, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩვენთვის, ყველასთვის. ჩვენ მოვისმინეთ ასევე, რომ თურმე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაცია; ასევე მოვისმინეთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი, რადგან ის ომშია. მე ორი კვირის წინ საჯაროდ ვთქვი მთავრობის სხდომაზე, რომ ეს ინფორმაცია ჩემი ევროპელი მეგობრებისგან მქონდა, პირადად მითხრეს: რომ ვინაიდან უკრაინა ომშია, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს. იმის მიუხედავად, რომ საქართველო ჩამოთვლილი ყველა პარამეტრის მიხედვით, უპირობო ლიდერია, არამხოლოდ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს ეხება ეს, არამედ ბევრ მოქმედ ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ ჩვენ ყველა პარამეტრით... მაგრამ მინდა განვუმარტო ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს, უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებით განსხვავებული რეკომენდაციის მიუხედავად, პირობები სამივე ქვეყნის შემთხვევაში შესასრულებელია

„როგორც უკრაინა, ისე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს ბევრი პარამეტრის მიხედვით. მოლდოვაც, რომ იტყვიან ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაშია აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა, გამოწვევები ბევრად უფრო დიდია როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით და მოლდოვასაც სხვა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიენიჭა სტატუსი, ოღონდ დათქმები მინდა ხაზგასმით განვმარტო, რომ სამივე სახელმწიფოს ჩაუწერეს“, - თქვა პრემიერმა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა