მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მიუვიდა მომხმარებელს დასუფთავების გაორმაგებული გადასახადი? - განმარტება

61fbfdef74668
ანუკა ჯოხაძე
03.02.22 21:14
3248
იანვრის ბოლოს მომხმარებლებს ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის საფასურის გარდა, თბილისში დასუფთავების გადასახადის გაორმაგებული რაოდენობაც დაერიცხათ. BM.GE-მ საკითხის უკეთ გასარკვევად "თბილსერვის ჯგუფს" მიმართა. კომპანიაში აცხადებენ, რომ იანვარში მოსული გადასახადი როგორც დეკემბრის, ისე იანვრის თვეების გადასახადებს აერთიანებს.

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ფაჩულიას განმარტებით, მომხმარებლებმა, რომლებმაც დეკემბერში ელექტროენერგიასთან ერთად დასუფთავების გადასახადიც გადაიხადეს, ეს იყო ნოემბრის დარიცხვა. ხოლო, დეკემბერში მომხმარებლებს ელექტროენერგიის ქვითარი კი მიუვიდათ, თუმცა დასუფთავების მოსაკრებელი არ იყო ასახული. შესაბამისად, დეკემბრისა და იანვრის გადასახადის გადახდა მომხმარებლებს იანვრის ბოლოს ერთბაშად მოუწიათ.

“"თელმიკოს" ქვითარზე ვართ დამოკიდებულები, სადაც ჩვენი მოსაკრებლის თანხაც დაწერილია. დეკემბერში ერთი ქვითარი, რომელიც მომხმარებელთან მივიდა, ნოემბრის გადასახადს ასახავდა, ხოლო მეორე ქვითარში, რომელიც დეკემბრის ბოლოს მივიდა, "თბილსერვის ჯგუფის" მხრიდან გადასახადი ნულოვანი იყო. შესაბამისად, დეკემბრის გადასახადი მომხმარებლებს მაშინ არ გადაუხდიათ. ამიტომ იანვრის ბოლოს დეკემბრისა და იანვრის გადასახადი ერთად მიიღეს. ეს არის ერთჯერადად, ამის შემდგომ ყოველი თვის ბოლოს აღრიცხვა რომ მოხდება, დედაქალაქის მაცხოვრებლები მხოლოდ იმ თვის გადასახადს გადაიხდიან", - აცხადებს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი "სემეკის" გადაწყვეტილებითაა გამოწვეული, რომელიც დარიცხვის ახალ სისტემას ეხება. ცნობისთვის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას "თელასი", ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს, ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. აღნიშნულ ქვითარზე იქნება დატანილი დასუფთავების გადასახადიც.