30.ნოემბერი .2022 13:46

რატომ მოელის IMF 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის შენელებას?

რატომ მოელის IMF 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის შენელებას?
views 861
უკან

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2023 წელს საქართველოში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც წლევანდელთან შედარებით ორნახევარჯერ ნაკლებია. აღნიშნულთან დაკავშირებით BMG-იმ საქართველოში IMF-ის მუდმივ წარმომადგენელს, სელიმ ჩაკირს დაუსვა კითხვა. მისი განმარტებით, ფონდის პროგნოზირებს რომ მომდევნო წელს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ტემპი უფრო დაბალი იქნება. ჩაკირის თქმით, წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი ომთან დაკავშირებული სავალუტო შემოდინებები იყო.

“ხაზს გავუსვამ, რომ ომთან დაკავშირებული გადმორიცხვები იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუმცა არა ერთადერთი. ამასთანავე გამოვყოფ კარგ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რაც პანდემიამდეც იყო ქვეყანაში. ასევე ძლიერი საბანკო ზედამხედველობის სისტემა, შესაბამისად, ამ ყველა პოლიტიკამ მხარი დაუჭირა საქართველოს ზრდას. ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ ინვესტიციას ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სფეროში. თუმცა მომდევნო წელს ჩვენ არ ველით შემოდინებების ასეთ დიდ დონეს როგორც წელს იყო. აქედან გამომდინარე ეკონომიკური ზრდა ვფიქრობთ, რომ 4%-მდე შემცირდება. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც აღნიშნა, მომხდარზე პოლიტიკის პასუხი იყო შესაბამისი, რომ ეს იყო პოზიტიური, მაგრამ დროებითი შოკი. პოლიტიკის პასუხი იყო რეზერვების და ბუფერების დაგროვება,”- განაცხადა სელიმ ჩაკირმა.

სელიმ ჩაკირმა ასევე განაცხადა, რომ სავალუტო ფონდი მომდევნო წელს ქვეყანაში ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას უჭერს მხარს. დეფიციტის კლებასთან ერთად, IMF-ი პრიორიტეტად სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის რეფორმას და ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის სისტემის ცვლილებას ასახელებს.

“რაც შეეხება სტრუქტურულ მაკრო საკითხებს, მიზანია დეფიციტის 3%-ზე დაბლა შემცირება. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ დეფიციტის დონე 2%-ს დაუახლოვდეს, რათა დაგროვდეს ეს ბუფერები.

ასევე მნიშვნელოვანია ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დაახლოება. სტრუქტურული კუთხით პროგრამა მხარს უჭერს სახელმწიფო საწარმოების რეფორმას. კიდევ ერთი ელემენტია ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის მექანიზმის შემუშავება, რაზეც საბოლოოდ შეთანხმება მიღწეულია. ასევე სამიზნეებია უფრო ინკლუზიური განათლების სისტემის შემუშავება და შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების უთანაბრობის შემცირება,”- აცხადებს სელიმ ჩაკირი.

2022 წლის 10 თვეში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 10%-ს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა