მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მყარდება ლარი? - ევა ბოჭორიშვილის მოსაზრება

6197b37d2836b
ინგა მურუსიძე
21.11.21 19:00
15728
19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ბოლო 1 თვეში ლარი დოლართან მიმართებით 2.24 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 11.52 თეთრით გამყარდა. შესაბამისად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1120 ლარია, ხოლო ევროსი - 3.5169 ლარი. ლარი ასეთი მყარი ბოლოს სექტემბერში იყო.

რა ამყარებს ლარს - ვკითხეთ Galt & Taggart-ის კვლევითი დეპარტამენტის უფროს ევა ბოჭორიშვილს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და წინა წლების ტენდენციისგან განსხვავებით, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური არასტაბილურობის მიუხედავად, ლარს არა - გაუფასურების, არამედ გამყარების ხასიათი აქვს. 

ევა ბოჭორიშვილი ლარის კურსის მეტ-ნაკლებად დასტაბილურებას რამდენიმე ფაქტორით ხსნის.

„არსებული ინფორმაციით და სტატისტიკური მაჩვენებლებით, ლარის კურსის გამყარების ტენდენციაზე აისახება საგარეო შემოდინებები - ვხედავთ, ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ტურიზმშიც აღდგენის ტენდენცია გაგრძელდა... ამ ყველაფერს დადებითი ეფექტი აქვს და ალბათ უნდა დავამატოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც გავლენა აქვს ეროვნული ვალუტის კურსზე.

მართალია, სხვა პერიოდებში, პოლიტიკურ არასტაბილურობას კურსზე მყისიერი გავლენა ჰქონდა ხოლმე, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ შეინიშნება. წინა პერიოდებისგან განსხვავებით მიდგომა განსხვავებულია და კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

Galt & Taggart-ის კვლევითი დეპარტამენტის უფროსის თქმით, ლარის არსებული კურსი მათ პროგნოზთან ახლოს არის.
„მომავალ წელს კურსის მცირედით გამყარებას ვპროგნოზირებთ და ამას ვუკავშირებთ ტურიზმის აღდგენას“, - თქვა მან.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, წლის ბოლომდე ლარის კურსი დოლართან მიმართებით 3.1-3.2 ლარის ფარგლებში იმოძრავებს.