მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მყარდება ლარი? - ფინანსისტი რამდენიმე მიზეზს ასახელებს

61fcf09dc7a88
მარიამ ვარადაშვილი
04.02.22 13:34
6392
ბოლო რამდენიმე კვირაა ლარი დოლართან მიმართებით მყარდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დღევანდელი ვაჭრობაც ლარის გამყარებით დაიწყო. კურსი 2.9949-ზე გაიხსნა და ბოლო რამდენიმე საათში ის 2.5 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც სისტემაში ერთი დოლარი 2.9700 ლარად ივაჭრება. თუ დღის ბოლოს ეს კურსი დაფიქსირდა, მაშინ ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2020 წლის ზაფხულის შემდეგ ყველაზე მყარი იქნება.

ეკონომისტი აკაკი ცომაია ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ასახელებს, რომელიც 2 თებერვალს ეროვნული ბანკის მოენატარული პოლიტიკის კომიტეტმა უცვლელად 10.5%-ზე შეინარჩუნა.

კიდევ ერთ მიზეზად ანალიტიკოსი ექსპორტისა და ტურიზმის ზრდას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ექსპორტი წლიურად 27%-ით 4.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 1.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 38%-ია.

“რასაც ფუნდამენტურ ფაქტორებს ვუწოდებთ მაგალითად, ტურიზმის შემოსავლებისა და ექსპორტისს ზრდა, ეს მყისიერად არ ახდენს გავლენას ეკონომიკაზე და მას გარკვეული დროს სჭირდება. ერთია, რაც სტატისტიკაში აისახება და მეორე, რაც სავალუტო ბაზარზე ოპერაციების სახით აისახება. მეორე მიზეზია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რაც ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ ლარში დეპოზიტების ზრდა მოხდეს, დოლარში კი პირიქით, შემცირება. ამავე დროს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნას თოკავს. შესაბამისად, ეს ახდენს გავლენას შესყიდვების რაოდენობაზე, მათ შორის იმპოტირებული საქონლის. ცხადია, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ლარის გამყარებასაც ხელს უწყობს. ჩემი აზრით, ესენია ლარის გამყარების ძირითადი მიზეზები”,-აცხადებს ცომაია.

რაც შეეხება მოლოდინებს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე დაძაბულობის ეფექტს, ცომაია ფიქრობს, რომ უკრაინის ფაქტორს მოლოდინებზე გავლენა ექნებოდა მაგალითად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, მაგრამ რადგან საქართველოში FDI-ის მოცულობა ისედაც მცირეა, ამ მოლოდინს ჯერ FDI-ზე, ხოლო შემდეგ ლარის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნებოდა.

“უცხოური ინვესტორები ისედაც შემცირებულია. ეს რომ იყოს ისეთი მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ბევრი უცხოელი ინვესტორი გვყვავდა და უკრაინის ამბების გამო საქართველოდან გადიან, მაშინ ეს იქნებოდა ფაქტორი, მაგრამ ჩვენი FDI ოფშორულ კომპანიაზე დგას და მის უკან ვინც არის, მისი სახელი და გვარიც ცნობილია”,-ამბობს ცომაია.