მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მყარდება ლარი? - Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი

5e56764349201
ინგა მურუსიძე
27.02.20 09:45
3758
Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის გამყარებას რამდენიმე ფაქტორით ხსნის. მათ შორისაა: ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და რიტორიკის შეცვლა როგორც - სების, ისე - მთავრობის მხრიდან.

„ლარმა გასული წლის ივნისში დაიწყო გაუფასურება და მიზეზი ყველამ ვიცით - მოლოდინები გაუარესდა და ამაზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვამაც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ მაკროპარამეტრები მაშინ გაუმჯობესებული რჩებოდა, ლარი მაინც უფასურდებოდა; 28 სექტემბერს კი, რეკორდულად გაუფასურდა. შემდეგ დასტაბილურდა და დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაწყებულია ვალუტის გამყარების ტენდენცია. ჩვენ ამ ტენდენციას ვუკავშირებთ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობას. ერთ-ერთი კი, არის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, სებ-ის მიერ უცხოურ ვალუტაში მოზიდულ რესურსებზე დარეზერვების ნორმის შემცირება; ასევე, მოლოდინების თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ გაუფასურებასაც მოლოდინებს ვუკავშირებდით. ახლაც, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ბოლო პრესრელიზში ეწერა, რომ მიუხედავად გამყარებისა, ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება და სავარაუდოდ, საკმარისზე მეტი ხნით შეინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას. თუ სწორად მახსოვს, ზეპირი კომუნიკაცია ჰქონდათ, რომ აღარ შეისყიდიან ვალუტას რეზერვების შესავსებად“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ლარის გამყარების ფაქტორებზე საუბრისას ანალიტიკოსმა მთავრობის ფასიანი ქაღალდების მიმართ არარეზიდენტი ინვესტორების ინტერესის გაზრდაც დაასახელა.

„არარეზიდენტები, უცხოელი ინვესტორები შემოდიან და ყიდულობენ ჩვენს ფასიან ქაღალდებს. გაოთხმაგებულია ეს მოცულობები და ლარის გამყარებას, ძირითადად ამასაც ვუკავშირებთ. ანუ უცხოელი შემოდის დოლარით, ახურდავებს ლარში და ყიდულობს ფასიან ქაღალდებს. გარდა ამისა, თავად მაკროპარამეტრებსაც თუ შევხედავთ, შარშან ვერ ხსნიდა ეროვნული ბანკი გაუფასურებას, რადგან მაკროპარამეტრები უმჯობესდებოდა და ახლაც, ექსპორტი გაიზარდა, იმპორტიც გაიზარდა, ფულადი გზავნილები და ტურისტების რაოდენობაც გაიზარდა. ჯამურად, მოლოდინების თემა არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ ლარის გამყარების ფაქტორად შეიძლება რიტორიკის შეცვლაც ჩაითვალოს.

„რიტორიკის შეცვლა ეხება როგორც - ეროვნულ ბანკს, ისე - მთავრობასაც, უფრო ფრთხილები არიან. ზაფხულში სხვანაირი შეფასებები იყო და მაშინ მოლოდინებმა ლარი გააუფასურა. არის პერიოდები, როცა მაკროპარამეტრები ვერ ხსნის ვალუტის მოძრაობას. ეროვნული ბანკის პოლიტიკაც დაეხმარა იმაში, რომ მოლოდინები გაუმჯობესდა და უცხოელები შემოიყვანა ჩვენს ბაზარზე; ამან გაამყარა ლარი“, - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.