02.ივნისი .2020 19:15

რატომ მყარდება ლარი? - "თიბისის" მთავარი ეკონომისტის მოსაზრება

views 7868
უკან

Bm.ge დაინტერესდა, პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი კრიზისის პირობებში, როცა სავალუტო შემოდინებები მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რა ფაქტორებს შეიძლებოდა, რომ ლარის გამყარება გამოეწვია.

„თიბისის“ მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას აზრით, ლარის კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის, თუ როგორ არის დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებაში.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ნადარაიამ bm.ge-ისთან საუბარში აღნიშნა, მოლოდინებია, რომელიც მისი შეფასებით, პოზიტიური ნამდვილად არ არის, მაგრამ იმაზე უკეთესია, ვიდრე იყო.

„ბოლო პერიოდში დოლარმა დათმო პოზიციები როგორც ევროსთან, ასევე, თურქულ ლირასთან და რუბლთან, ხოლო ლარზე ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ის, თუ როგორ არის დოლარი ამ ვალუტებთან მიმართებაში. ბაზრებზე გაუჯობესება არის ნამდვილად, ნავთობზე ფასები იზრდება, ასევე, ეკონომიკის გახსნაც პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს; მართალია აპრილში ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა, რაც სამწუხაროა, მაგრამ ჩემი აზრით, შეიძლება უარესიც ყოფილიყო იმ გამოწვევის ფონზე, რაც გვაქვს. ასევე ფულადი გზავნილების მოცულობა, რაც აპრილში 42.3%-ით შემცირდა, თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული ყოველკვირეული ინდიკატორების მიხედვით მაისში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ჯამში, დიდ ოპტიმიზმზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჩვენს გარშემო ქვეყნებში ყველგან სახარბიელო მდგომარეობა, ჯერჯერობით, არ არის. თუმცა, ეკონომიკის გახსნის მხრივ შედარებით მცირე, თუმცა პოზიტივი მაინც გვაქვს, ვიდრე შეიძლება განწყობა იყო, ერთი და ორი თვის წინ“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

გარდა ამისა, bm.ge-მ „თიბისის“ მთავარ ეკონომისტს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია, ბოლო დღეებში ლარის გამყარების ტრენდის მიზეზი საერთაშორისო დონორებისგან თანხების ჩამორიცხვა გამხდარიყო:

„ამ წუთას ვერ ვიტყვი, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს თანხები იყო გადამწყვეტი, თუმცა იმის მოლოდინი არის, რომ დონორების თანხები, რაც შემოვა, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საგარეო შოკი დაკომპენსირდეს და ლარის მკვეთრი გაუფასურება არ მივიღოთ. მგონი, ამის განცდა არის“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ: თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის მეორე კვარტლის მკვეთრი ვარდნის შემდგომ კი ეტაპობრივი აღდგენა და 2021 წელს 4-5%-ის ფარგლებში ზრდა არის მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა