მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მყარდება ლარი? - სოსო ბერიკაშვილი

60b74ccf33775
ინგა მურუსიძე
02.06.21 13:40
6492
Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 3.22 ლარი გახდა. 2 ივნისის ვაჭრობა 3.25-ის კურსით გაიხსნა, რაც შემდგომში 2.3 თეთრით შემცირდა და ამჟამად 3.2273 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 17 თეთრზე მეტად გამყარდა. 

რა ამყარებს ლარს? - "კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი ბოლო დღეების ტენდენციას რამდენიმე ფაქტორით ხსნის.

„ტურისტების რაოდენობა ამ ეტაპზე იმდენი არ არის, რომ ლარის კურსის გამყარება გამოეწვია. ცხადია, მნიშვნელოვანია პოზიტიური მოლოდინები, რომელიც გააძლიერა უზარმაზარმა - 44.8%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ აპრილში. რიცხვები კი როგორც ჩანს, მთლად უსაფუძვლოც არ არის. მიუხედავად ასეთი მაღალი რიცხვებისა, ბუმს ვერ დავარქმევდი არსებულ სიტუაციას, თუმცა სხვადასხვა სფეროებში გამოცოცხლება შეინიშნება. იზრდება ემიგრანტების მიერ ფულადი გადმორიცხვების რაოდენობაც. ამასთან, მოლოდინები გაჩნდა ტურიზმის გააქტიურებასთან დაკავშირებითაც, რადგან გუშინ გაიხსნა სახმელეთო საზღვრები, მაგრამ თუკი ეს მოლოდინები არ გამართლდა, შესაძლოა, კონტრპროდუქტიულიც იყოს ეს ყველაფერი, რადგან არაა გამორიცხული, გამყარება უკან შემოგვიბრუნდეს“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

ამასთან, ეკონომისტი ამბობს, რომ პირადად მას ნეგატიური მოლოდინები აქვს, რადგან კეთდება პროგნოზები, რომ შესაძლოა, აგვისტოში ინფიცირების მაჩვენებლები გაიზარდოს ანუ ყველაფერი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ბუნდოვანია, რა მოხდება ზაფხულში.

კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც შეიძლება ლარის კურსის დასტაბილურებაზე დადებითი გავლენა ჰქონდეს, სოსო ბერიკაშვილის აზრით, ვაქცინაციის ადმინისტრირებაა და ამ მხრივ მთავრობის მიერ გადადგმული თუ გადასადგმელი ნაბიჯებია.

„ვაქცინაციის კარგი ტემპი მოლოდინების კუთხით დადებით შედეგს იძლევა, მათ შორის ტურისტების შემოსვლის თვალსაზრისით. ამ მხრივ პოზიტიური ნაბიჯია ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია. კარგია სახმელეთო საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებაც, თუმცა დიდი სიფრთხილე გვმართებს, მათ შორის რუსეთიდან შემომავალი ტურისტების კონტროლის კუთხით. ამასთან, საჭიროა, ასევე "კომენდანტის საათის" გაუქმება, თუნდაც ტურისტებისთვის, რადგან ეს ჩვენს ქვეყანაში შემომსვლელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ყველაფერი დამოკიდებულია თანმიმდევრული და რაციონალური ნაბიჯების გადადგმაზე, პირველ რიგში - მთავრობის, ხოლო შემდეგ ბიზნესის მხრიდანაც“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.