მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ სჭირდება საქართველოს IMF-ის ახალი პროგრამა? - ინტერვიუ ირაკლი კოვზანაძესთან

6163ca6f1f32d
თელარა გელანტია
11.10.21 18:16
896
ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა სჭირდება და როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ახალი პროგრამის დასაწყებად ყველაფერს გააკეთებს. “IMF ქვეყანას სჭირდება, ის ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვას სჭირდება“, - თქვა მან Forbes Georgia-ს და bm.ge-ს მთავარი რედაქტორების გიორგი ისაკაძის და თელარა გელანტიას ახალ რუბრიკა - #რედაქტ2-თან ვრცელ ინტერვიუში, რომელშიც საუბარი სსფ-თან ახალი პროგრამის დაწყების ძირითად ფაქტორებსაც შეეხო.

გ.ი. „საკმაოდ კარგი და დაბალანსებული“ - ასე შეაფასეთ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტი, რომელიც უკვე პარლამენტშია. ძირითადი მიზეზები, რის გამოც ასეთი შეფასება დაიმსახურა ამ დოკუმენტმა...

- დიახ, მე ბიუჯეტის პროექტის პირველ ვერსიაზე ვთქვი, რომ საკმაოდ კარგი და დაბალანსებულია და გეტყვით, რა ფაქტორების გამო - პირველი - ჩვენ IMF -თან გვჭირდება პროგრამა და მეორე - 2021 წლის ბიუჯეტის გამოცდილება. მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება მთავარი ფაქტორი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აღვადგინოთ ან განვაახლოთ პროგრამა, ამიტომ ეს ბიუჯეტი, თუნდაც პირველი ვარიანტი, იქნება მისაღები და გატანადიც IMFის ბორდზე - ესაა ერთ-ერთი მთავარი მომენტი...

თ.გ. ანუ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის არსებული პარამეტრები შეიძლება მისაღები იყოს IMF-ისთვისაც?

- დიახ, სავალუტო ფონდისთვის ასე თუ ისე მისაღები იქნება, თუმცა ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით მე კითხვები არ მაქვს ამოწურული, ჯერ დასაწყისში ვართ; ფინანსთა სამინისტროს გუნდი საკმაოდ კვალიფიციურია და ვთანამშრომლობთ იქამდეც, ვიდრე ფინანსური დოკუმენტი პარლამენტში შემოვა. მეორე საკითხი - 2021 წლის ბიუჯეტი, რომელზეც არ დამიმალავს, რომ აზრთა სხვადასხვაობა მქონდა მაღალი დეფიციტის გამო, დღესაც იწვევს ინფლაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამდენად, აქედან გამომდინარეობდა, როდესაც ვთქვი, რომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია, ვინაიდან მასში შედარებით დაბალი დეფიციტია - 4.4%, მაგრამ რჩება კითხვები, რომლის გავლაც მოგვიწევს. ზოგადად, ფინანსთა სამინისტროს, მთავრობას ახასიათებს მესამე ვერსიაში ცვლილებას განახორციელება, ასე მოიქცნენ შარშან - მესამე ვერსიაში მკვეთრად შეიცვალა ბიუჯეტის პარამეტრები და ამან გამოიწვია ჩემი რეაქციები - დეფიციტი ისეთი მაღალი იყო, რომ ჩემთვის პრინციპულად არ იყო ეს მისაღები, რადგან ის იწვევდა რისკებს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის.

თ.გ. მახსოვს, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ წლის ბოლოს საქართველოს IMF-თან ახალი პროგრამა ექნებოდა; თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროგრამის განახლებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები, ჯერჯერობით, არ დაწყებულა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებია?! თან ისიც გასაგებია, რომ სსფ-ის პროგრამას ყოველთვის მოჰყვება გარკვეული „საშინაო დავალებები“, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს...

- მე მაქვს მჭიდრო ურთიერთობა IMF-თან. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება სსფ-ის პროგრამა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ფონდის პროგრამა გაგრძელდეს. აქ არაა საუბარი იმაზე, რომ გვჭირდება ფინანსური რესურსი, რომელსაც ცენტრალური ბანკი რეზერვების სახით მიიღებს და შემდეგ ტრანზაქციები, ინტერვენციები მოხდება... ფონდის პროგრამა გვჭირდება ბევრი ფაქტორის გამო - IMF ქვეყანას სჭირდება იმიტომ, რომ გვქონდეს სტაბილურობა; ის ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვას სჭირდება. მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ყველაფერს გავაკეთებ, რომ პროგრამა გაგრძელდეს და ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს და ყველა ინსტიტუტს, რომელიც მუშაობს სავალუტო ფონდთან, მსგავსი შეხედულებები აქვთ. მოკლედ, ვფიქრობ, მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება ერთ-ერთი ფაქტორი იმისთვის, რომ სსფ-ის პროგრამა აღდგეს; ამ მხრივ, მეორე მნიშვნელოვანი თემა, რაზეც გარკვეული მოთხოვნები ექნება ფონდს, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხია, რომელსაც სსფ ბოლო პერიოდში სისტემატიურად აყენებს და ასევე არის სხვა საკითხებიც, რომელთა დაკმაყოფილება ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია.

თ.გ. ანუ თუ წლის ბოლოს ან 2022 წლი დასაწყისში IMF-თან ახალი პროგრამა არ დაიწყო, რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ - მთავრობამ არჩია საჭირო რეფორმები ისევ გადაავადოს და ასე ვთქვათ, სსფ-ის ჩარჩოს გარეთ იაროს?

- ვფიქრობ, ფინანსთა მინისტრის, სებ-ის პრეზიდენტის და მთავრობის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სსფ-ის პროგრამა გვჭირდება, იძლევა იმის საფუძველს, რომ პროგრამა გაგრძელდეს; ჩვენ საარჩევნო პროცესში ვიყავით და ვართ კიდევაც და როცა ის დასრულდება, ეს თემები აქტუალობას შეიძენს. ვფიქრობ, პროგრამა გვექნება, კრიტერიუმები რა იქნება, ეს კიდევ ცალკე მოლაპარკების საგანია.

თ.გ. სხვათაშორის, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საჭიროებას სავალუტო ფონდი ხშირად გვახსენებს - მათ შორის ეს საკითხი მოხვდა რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშშიც, რომელიც საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს შეეხებოდა. მთავრობის მხრიდან გარკვეული ნაბიჯები ამ მხრივ იდგმება, მაგრამ თქვენ კმაყოფილი ხართ ტემპით?

- მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც საპარტნიორო ფონდს ვხელმძღვანელობდი, მე ვიყავი სახელმწიფო საწარმოების პარტნიორი და მათ დეტალურად ვიცნობ; კვარტალში ერთხელ ვისმენდი ყველა ორგანიზაციის ანგარიშს - იქნებოდა ეს საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა თუ სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებში პოზიტიურად არის შეფასებული საჯარო ფინანსების რეფორმა - ხაზგასმულია გამჭვირვალობა, მაგრამ სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით, IMF ამბობს, რომ ბევრია გასაკეთებელი და ნაბიჯები გადადგმული არ არის. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა გვჭირდება და ეს გასაკეთებელია.

თ.გ. ალბათ, პირველ რიგში, კვაზი საქმიანობები უნდა ჩამოვაშოროთ ან დავარქვათ სახელი... მაგალითად, ნავთობის და გაზის კორპორაციას მხოლოდ ბოლო 2 წელი 500 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა სოციალური გაზის ტარიფის სუბსიდირება, რაც კომპანიის მოგებიანობაზე აისახება...

- სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა უნდა გაიზარდოს. ამავე დროს, როდესაც კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ამ ორგანიზაციებს - სახელმწიფო კომპანიებს აქვთ ე.წ. ბუსტერის უზარმაზარი როლი. დაუკვირდით, რას ვამბობ; გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზა და ნავთობის და გაზის კორპორაცია არის უზარმაზარი სახალხო სიმდიდრე. ამ საწარმოებს რეფორმირება სჭირდება და ეს ისე უნდა მოხდეს, რომ სახალხო სიმდიდრე სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ იყოს... სავალუტო ფონდს მსგავსი რეფორმების უზარმაზარი გამოცდილება აქვს აღმოსავლეთ ევროპაში და შეუძლია ტექნიკურ მისიას გაწეროს, როგორ შეიძლება მოხდეს რეფორმირება...

გ.ი. ბატონო ირაკლი, კი დავუკვირდით რასაც ამბობთ, მაგრამ აქვე აღვნიშნოთ, რასაც საფინანსო ინსტიტუტი გვეუბნება - გარკვეულწილად დაიგვიანაო რეფორმამ...

- როგორც აღვნიშნე, სსფ წერს, რომ საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის მიმართულებით გვაქვს რეფორმები, მაგრამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა გვჭირდება და ეს გასაკეთებელია...

თ.გ. ბევრი რამ გვჭირდება ბატონო ირაკლი, მაგრამ მთავარი ხომ პოლიტიკური ნებაა და როგორ ფიქრობთ, მთავრობა დღეს არის იმ მდგომარეობაში, რომ საჭირო, მაგრამ არც ისე პოპულარული რეფორმები გაატაროს?

- საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის შეთანხმებისას, ჩემი წარმოდგენით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა იქნება და მთავრობა გუნდურ გადაწყვეტილება მიიღებს, ასე ვფიქრობ.

თ.გ. და მაინც, როგორია თქვენი მოლოდინი - როდის დიწყება საქართველოში IMF-ს ახალი პროგრამა?

- ვფიქრობ, რომ ამ წლის ბოლოდან დაიწყება პროგრამა. როგორც კი არჩევნების პროცესები დამთავრდება, პროცესები აქტუალურ ფაზაში შევა.