მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეამცირა EBRD-მა საქართველოს ზრდის პროგნოზი მინუს 5.5%-მდე? - პასუხი

5ec622526e903
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.20 10:42
1096
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 2020 წლისთვის საქართველოში 5.5%-იან ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს. ამ დროისთვის ეს საქართველოს ეკონომიკის შესახებ ყველაზე პესიმისტურ პროგნოზს წარმოადგენს, რადგანაც სავალუტო ფონდიც და საქართველოს ეროვნული ბანკიც ეკონომიკის საპროგნოზო შემცირებად 4%-ს განიხილავენ.

BMG-სთან საუბარში კავკასიაში EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ-ჰანსენმა განაცხადა, რომ როდესაც სავალუტო ფონდის პროგნოზი გაკეთდა 4%-იან რეცესიაზე, მაშინ ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ ნაკლები ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი. განახლებული მონაცემების შედეგად, კი მათ დაასკვნეს, რომ რეცესია 4%-ზე დიდი იქნებოდა.

“ვფიქრობ, რამდენიმე ფაქტორია. ჯერ ერთი, როდესაც IMF-მა 4% თქვა, მაშინ კრიზისი ახალი დაწყებული იყო და არ მგონია, ვინმეს შეძლებოდა ზუსტი რიცხვის დასახელება. შესაძლოა, დღესაც იგივე სიტუაციაში ვიმყოფებით - დღესაც ზუსტად ვერავინ იტყვის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მართალია, საქართველო ძალიან კარგად ართმევს თავს პანდემიას, ვირუსი თითქმის შეკავებულია, ლეტალური შემთხვევებიც კარგად არის მართული და ამ კუთხით, თქვენს უშუალო მეზობლებს გაცილებით უფრო მძიმედ აქვთ საქმე, მაგრამ საქართველო დამოკიდებულია ტურისტების ქვეყანაში შემოსვლაზე და ამ ზაფხულს შესაძლოა, მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდეს - ამიტომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, პირველ რიგში სწორედ ამ ტენდენციას ითვალისწინებს,”- განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა დიმიტარ ბოგოვმა კი განაცხადა, რომ მისი შეფასებით, რეცესიის ამ მასშტაბის განსაზღვრაში ძირითადი წვლილი ტურიზმის სფეროს მოსალოდნელმა დანაკარგმა შეიტანა.

“საქართველო საკმაოდ მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაც ეყრდნობა ვაჭრობას და ტურიზმს. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 20%-ია - ამდენად, არ არის გასაკვირი, რომ EBRD-ის პროგნოზში საქართველოს ეკონომიკა წელს 5.5%-ით მცირდება.

მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ რაც ერთი შეხედვით კრიზისში სუსტ მხარედ ჩანს, კრიზისის შემდეგ, უკეთეს დროში - უპირატესობად იქცევა.

სწორედ ეკონომიკის ამ ღიაობის გამო, საქართველოს ეკონომიკა მომავალ წელს მნიშვნელოვნად - 5.5%-ით გაიზრდება,”- განაცხადა დიმიტარ ბოგოვმა გადაცემა BMG-სთან საუბარში. 

შედარებისთვის, რეგიონის ქვეყნებში EBRD-ის პროგნოზი მშპ-ის შემცირებასთან დაკავშირებით ასეთია:

  • სომხეთი - მუნუს 3.5%; 
  • აზერბაიჯანი - მინუს 3%; 
  • უკრაინა - მინუს 4.5%; 
  • რუსეთი - მინუს 4.5%.