მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეამცირა მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - ხიშტოვანი მიზეზებს ასახელებს

5e18aa786c851
BM.GE
10.01.20 21:42
1166
„PMC კვლევითი ცენტრის“ დირექტორი გიორგი ხიშტოვანი იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც, მისი შეფასებით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. როგორც BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას ხიშტოვანმა განაცხადა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება არის სიგნალი იმის, რომ ეკონომიკა ისეთი ტემპით ვერ გაიზრდება, როგორიც იყო წინასწარ დაგეგმილი, რაც უნდა შეფასდეს, როგორც უარყოფითი მოვლენა.

„მიზეზები იქნება საინტერესო, მე რამდენიმეს დავასახელებ. ზოგადად 2020 წლისთვის ორ მთავარ მიზეზს გამოვყოფდი საქართველოს დონეზე. პირველი ეს იქნება უკანასკნელი პერიოდის მონეტარული განაკვეთის ზრდა რამდენიმენეჯერ, რომელიც როგორც წესი, ვიცით პრაქტიკიდან, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში სწორედაც უტყამს ეკონომიკურ ზრდას. მეორე მიზეზს მე დავუკავშირებდი უფრო პოლიტიკურ თემას. პოლიტიკური რისკები იზრდება, 2020 წლისთვის გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, ზოგადად პოლიტიკური ფონი არ არის ქვეყანაში ძალიან კარგი. შესაძლოა ესეც გაითვალისწინა მსოფლიო ბანკმა, როდესაც თავისი პროგნოზი შეამცირა“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

მან ასევე საქართველოს სამეზობლოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვითარება ამ მხრივ არ არის ძალიან კარგი.

„ჩვენ ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ კვლევა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ მთლიანად ბიზნესკლიმატის და ეკონომიკური კლიმატის შეფასება ჩვენს უშუალო გარემოცვაში, განვითარებად ქვეყნებში არ არის პოზიტიური, ესეც შეიძლება როგორც გარე ფაქტორი გავითვალისწინოთ, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე“, - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის შეამცირა. 4.3% - ეს არის ამ დროისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც წინასთან შედარებით, ნახევარი პროცენტით ნაკლებია. მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც შეამცირა - აქაც, ნახევარი პროცენტით - 4.5%-მდე.

მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური აზიისა და ევროპის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპი 2019 წელს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა, კერძოდ: 2%-ზე. მიზეზი რუსეთსა და თურქეთში შემცირებული ზრდის ტემპია. თუმცა, 2020 წელს მსოფლიო ბანკი რეგიონში ზრდის 2.6%-მდე დაჩქარებას ელის.