25.იანვარი .2021 17:33

რატომ შეძლო თურქეთმა 1.5 თვეში მლნ ტურისტის მიღება და ჩვენ - ვერ? - ბიზნესის პრეტენზიები მთავრობას

რატომ შეძლო თურქეთმა 1.5 თვეში მლნ ტურისტის მიღება და ჩვენ - ვერ? - ბიზნესის პრეტენზიები მთავრობას
views 543
უკან

ღია წერილის შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიამ მთავრობას დღეს ტურიზმის გახსნის 5 პუნქტიანი გეგმა ოფიციალურად ჩააბარა. კერძო სექტორის გეგმის მიხედვით, ზამთრის კურორტები 1 თებერვლიდან უნდა გაიხსნას. ბიზნესი ამტკიცებს, რომ მობილობა მაღალი აღარ იქნება, ეკიპირებული ადამიანი ვირუსის გავრცელების საფრთხეს არ ქმნის, ხოლო სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კოვიდ უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთის ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ქვეყანაში ეპიდმდგომარეობა არ გაუარესებულა.

ტურიზმის სექტორის მიერ წარდგენილ გეგმაში საუბარია იმ უსაფრთხო წესების შესახებაც, რომლის გათვალისწინებითაც საქართველომ ვიზიტორებს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრები უნდა გაუხსნას. ბიზნესი თვლის, რომ მსგავსი წესები უნდა გავრცელდეს საქართველოს მოქალაქეეებზეც, რადგან ქვეყანამ გამყვანი ტურიზმის გახსნაც შეძლოს.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი, ტუროპერატორი და სასტუმრო "მთაწმინდის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ სექტორის რეკომენდაციები წარმატებული ქვეყნების გახსნის საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. ირაკლი გვენეტაძეს ტურიზის გახსნის მაგალითები მოჰყავს და საქართველოს მთავრობას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს.

„ის მოწოდება, რომ 1 თებერვლიდან აღდგება ფრენა, მაგრამ არ იმუშავებს არც სასტუმრო და არც რესტორანი, ტურისტი როგორ ჩამოვა და რისთვის ჩამოვა, ეგ არავინ იცის. ეს არის სრულიად აბსურდული. ჩვენი 5 პუნქტიანი გეგმა მოიცავს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ერთ კონტექსტში განიხილება და მნიშვნელოვანია ხუთივე ერთად იყოს შესრულებული, რომ აღდგეს სრულფასოვნად ტურიზმი და არა ისე, რომ დაიწყოს ფრენა თვითმფირნავვმა და დანარჩენი არაფერი მუშაობდეს ქვეყანაში და აზრიც არ ჰქონდეს აქ ჩამოსვლას. ხალხი მოგზაურობს რაღაცის გამო, შენ თუ არაფერი გაქვს, შენთან არავინ იმოგზაურებს.

ვიზიტორები მოგზაურობენ ისეთი შეზღუდვების მქონე ქვეყნებიდან, როგორიც არის ცენტრალური ევროპის ქვეყნები - მართალია, იქ შეზღუდულია ყოველდღიური ცხოვრება, მაგრამ რაღაცეები ღიაა; თუ ადამიანს უნდა გაფრინდეს სადმე და დაისვენოს, შესაბამისი წესების დაცვით, ამაში ხელს არ უშლიან და არ კეტავენ.

ჩვენი გეგმა ეყრდნობა იმ ქვეყნების პრაქტიკულ მონაცემებს, სადაც ამან გაამართლა. მაგალითისთვის შარშან თურქეთმა 10 აგვისტოს გახსნა ქვეყანა და თვენახევრის მანძილზე მილიონი ტურისტი მიიღო. რატომ შეძლო თურქეთმა და რატომ ვერ შევძელით ჩვენ? კანარის კუნძულებმა 2020 წელს მიიღო 3 მლნ ტურისტი და დღემდე არიან კრიტიკულად განწყობილები, 4 მლნ-ს მიღება შეგვეძლო და ის 1 მლნ რატომ დავკარგეთო; როგორ შეიძლება ყველგან რაღაცას ცდილობდნენ, რომ გაიხსნან, თავი დააღწიონ გაკოტრების მასიურ, შეუქცევად პროცესს, ჩვენთან კიდევ ამის სურვილიც არ იყოს.

ბათუმის და თბილისის აეროპორტები იმართება „ტავ ჯორჯიას" მიერ, რომელიც არის თურქული მენეჯმენტის კომპანია. უბრალოდ, სურვილია საჭირო, რომ მთავრობამ მიმართოს და ზუსტად 2 დღეში გვექნება იგივე მექანიზმით აღჭურვილი, მაღალი დონის აეროპორტი, რაც აქვს დღეს ანტალიას და სტამბოლს. ამის სურვილი არ არსებობს. ეს არის ჩვენი განგაშის საბაბიც.

იმედი მაქვს, მთავრობის კეთილგონიერების, რადგან ჩვენს საზოგადოებას ემუქრება კოვიდზე მეტი საფრთხე, ეს არის სოციალური აფეთქება. ბანკის ვალებით, შიმშილით და გაჭირვებით დატანჯულ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში გამოვლენ, წინ ვერ აღუდგება ვერავინ“, - აცხადებს ირაკლი გვენეტაძე.

ბიზნესის ღია წერილის შემდეგ კერძო სექტორს ეკონომიკის მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრას დაჰპირდნენ. შეხვედრის დრო და ადგილი უცნობია, თუმცა როგორც ბიზნესი ამბობს, სავარაუდოდ, მინისტრთან აუდიენცია მიმდინარე კვირაში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა