მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეფერხდა €500 მილიონიანი პროექტი „გრინ სითი“ - ინვესტორი მიზეზებზე საუბრობს

5fbb76427b9c9
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.20 12:59
7009
თბილისის ზღვაზე „GINO Green City”-ს მშენებლობის ხელშეკრულება საპარტნიორო ფონდსა და ინვესტორს, GINO Holding-ის დამფუძნებელ ნოდარ გიორგაძეს შორის, რომელიც საქართველოში პროექტებს სლოვაკური ინვესტიციით ახორციელებს, 2016 წლის ზაფხულში გაფორმდა. თავდაპირველი ხელშეკრულების პირობები განსხვავებული იყო. „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეკოლოგიურად მწვანე ქალაქისთვის თბილისის მერიამ ფონდს 261 ჰა მიწის ფართობი გადასცა, რომელიც ეტაპობრივად "ჯინო გრინ სითის" უნდა გადასცემოდა. პროექტი მოიცავდა საჯარო ინფრასტრუქტურის - გზების, საბავშვო ბაღების, სკოლების, სავადმყოფოს, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების და ა.შ. მოწყობას.



BM.GE-ისთან GINO Holding-ის მმართველი ნოდარ გიორგაძე მასშტაბური პროექტის მიმდინარეობაზე საუბრობს და იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც დღემდე ეკოქალაქის მშენებლობა არ დაწყებულა.

„გრინ სითის" პროექტი 2015 წელს დაიწყო და მთავრობის სერიოზული მხარდაჭერა გვქონდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოსული იყო ევროპის საინვესტიციო ბანკი, დანიური კომპანიის ხელმძღვანელობა, რომელსაც გაკეთებული აქვს უზარმაზარი პროექტი - "მწვანე კოპენჰაგენი", მაგრამ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, მას შემდეგ ვერაფრით ვერ დავიძარით ადგილიდან. პირველი ფაქტორი, რამაც პროექტი შეაფერხა, ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავება იყო; თბილისის მერიის და საკრებულოს მიერ მისი შემუშავების შემდეგ იყო წყლის საკითხი, რომელიც „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს“ უნდა მოეგვარებინა. არ ვიცოდით, თბილისის გარშემო რა უნდა ყოფილიყო და სად შეგვეძლო მშენებლობა“, - განმარტავს ნოდარ გიორგაძე.

მისი თქმით, ქალაქის განაშენიანების გენგეგმის შემუშავების შემდეგ პროექტისთვის გამოყოფილი მიწის ფართობი განახევრდა და თუ მანამდე 268 ჰა-ზე იგეგმებოდა პროექტის განთავსება, დღეისთვის 110 ჰა-მდეა შემცირებული. 

"პრაქტიკულად, იძულებული ვიყავით, დაგვებრუნებინა მიწების ნახევარზე მეტი, თუმცა 2 წელი ყოველწლიურად მხოლოდ მიწის გადასახადს 750 000 ლარს ვიხდიდი.

დღეს იმ მდგომარეობაში ვართ, რომ უკვე გამზადებული გვაქვს განაშენიანების და რეგულირების გეგმისთვის მასალები და ქალაქის მერიასთან მოლაპარაკების პროცესში ვართ... რომ ვთქვა, პროცესი გაჩერებულია, ნამდვილად არასწორი ვიქნები იმ ხალხის მიმართ, რომელიც ამ პროექტშია ჩართული, იგივე ქალაქის მერია, ეკონომიკის სამინისტრო თუ საპარტნიორო ფონდი“, - ამბობს ნოდარ გიორგაძე და დასძენს, რომ „ის, რაც შეიძლება გადაწყდეს ერთ წელიწადში, არ უნდა წყდებოდეს 5-6 წლის მანძილზე. ფული ვერ დაიძინებს ამ პერიოდში, მას უნდა მისცე იმისა საშუალება, რომ ინვესტიცია წინ წავიდეს“.

კითხვაზე - რა გავლენა იქონია „საპარტნიორო ფონდში“ დაწყებულმა რეორგანიზაციამ პროექტზე, ინვესტორი ამბობს, რომ ამ ფაქტორს „გრინ სითის“ განხორციელებაზე არ უმოქმედია.

„საპარტნიორო ფონდი ამ პროექტში 49%-ს ფლობს, ის არის და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ამ წილის მფლობელი და მათი დახმარება ძალიან სერიოზულია. თუ მოხდა ფონდის რეორგანიზაცია, მაშინ ალბათ მისი სამართალმემკვიდრე დარჩება. მე ვალდებულება მაქვს სახელმწიფოს წინაშე, რომ არამხოლოდ მიწა გამოვისყიდო, არამედ ქალაქიც გავაშენო; თავის მხრივ, სახელმწიფოსაც აქვს ვალდებულებები“, - აცხადებს გიორგაძე.

ინვესტორის ინფორმაციით, საორიენტაციოდ ამ პროექტზე 400-დან 500 მლნ ევრომდე დაიხარჯება და პროექტი მშენებლობის პროცესში 1 500-მდე ადამიანს დაასაქმებს. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ეს რიცხვი 2 000-მდე გაიზრდება.
 
პროექტის დაწყების და მისი დასრულების ვადებზე საუბრისას GINO Holding-ის მმართველი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული და სახელმწიფოს მხარდაჭერა აქ მნიშვნელოვანია.

„მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული - 6 თვეში საბოლოო პროექტს წარვადგენდით, თუმცა ასეთი პროექტები მხარდაჭერის გარეშე არ გამოდის. გვჭირდება ქალაქის მერიის მხარდაჭერა, რადგან ამით ქალაქსაც თავისი ბენეფიტები ექნება; GWP-ის მხარდაჭერაც გვჭირდება... თუ მხარდაჭერა გვექნება, „გრინ სითის“ მშენებლობა 2021 წლის ბოლომდე დაიწყება“, - უთხრა BM.GE-ის ნოდარ გიორგაძემ.

ინვესტორი ამბობს, რომ „გრინ სითის“ პროექტში დაინტერესებული დეველოპერული კომპანიებიც შეძლებენ ჩართვას, რათა პროექტი მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდეს.

"ჩვენ ვიქნებით პროექტის ორგანიზატორი და დაინტერესებული სამშენებლო კომპანიებიც შეძლებენ შემოსვლას. ასეთი მასშტაბის განაშენიანება საქართველოში პირველად ხორციელდება და იმისთვის, რომ 7-8 წელიწადში ახალი განაშენიანების პრინციპებით და მიდგომებით ავაშენოთ მინი ქალაქი, რომელიც ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება, მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ სხვა კომპანიებთან", - აღნიშნა ბიზნესმენმა.