მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეფერხდა ფოთში $30 მილიონიანი ქართულ-ბრიტანული ინვესტიცია?

5f210cd6e7fda
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.20 20:00
2039
ქართულ-ბრიტანული ინვესტიციით, ფოთში ფერადი ლითონის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდება - ამის შესახებ BM.GE-ის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფოთი ფანუდრის“ დამფუძნებელმა ვახტანგ ალანიამ განუცხადა. ბიზნესმენის ინფორმაციით, საწარმოს ამოქმედების იდეა პარტნიორებთან ერთად ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში გაჩნდა. საპილოტე პროექტის ინვესტიციის მოცულობა 0.5 მლნ დოლარია და საწარმოში 30-40 ადამიანი უნდა დასაქმდეს.

„მე და ჩემმა ბრიტანელმა პარტნიორმა 1.5 წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, ფერადი ლითონის ნარჩენების გადამუშავების წარმოების დაწყების შესახებ, სადაც ალუმინის და სპილენძის სხმულებს ვაწარმოებდით. 2019 წლის თებერვალში დავაფუძნეთ კომპანია „ფოთი ფაუნდრი“, დავგგემეთ და დავიწყეთ საქმე. მუშაობის პროცესში გავიგეთ, რომ საწარმოს ამოქმედებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასება უნდა მიგვეღო, რისთვისაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართეთ; ამასთან, არ დაველოდეთ დასკვნის გაცემას უწყების მხრიდან, შევიძინეთ დანადგარები, რაც ამ საქმიანობისთვის იყო საჭირო და ფოთში ლარნაკას ქუჩაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოვაწყვეთ მცირე ქარხანა, რაზეც უკვე 200 000 დოლარია დახარჯული“, - განაცხადა ვახტანგ ალანიამ.

საპილოტე პროექტით გათვალისწინებული გეგმის მიხედვით, „ფოთი ფაუნდრიმ“ თვეში 300 ტონა ნედლეული უნდა გადაამუშაოს, ხოლო ნაწარმოები ალუმინის და სპილენძის სხმულები ექსპორტზე ბელგიაში, ჰოლანდიასა და ჩინეთში გაიტანოს. კომპანიის დირექტორის თქმით, ექსპორტის დაგეგმილი წლიური მოცულობა საწყის ეტაპზე 4.3 მლნ ლარია, რაზეც საექსპორტო ქვეყნებთან შეთანხმება მიღწეული იყო.

ვახტანგ ალანია ირწმუნება, რომ საპილოტე პროექტის შემდეგ ბრიტანელ ინვესტორებთან ერთად მალევე მეორე ეტაპი უნდა განხორციელებულიყო, თუმცა პროცესი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის დამტკიცების გაჭიანურების გამო დროში გაიწელა.

„მეორე ეტაპზე ბრიტანელ ინვესტორებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ისინი გახდებოდნენ ნედლეულით ჩვენი მომმარაგებლები და ასევე, ჩვენი პროდუქციის რეალიზატორები. ვერ მივაღწიეთ იმას, რომ მუშაობა დაგვეწყო. მეორე ეტაპზე გაფართოებისთვის 5-6 მლნ დოლარის ინვესტიცის ჩადება იგეგმებოდა, თუმცა ახლა ჩვენი ბრიტანელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ 1 წლის განმავლობაში პატარა საწარმო ვერ ავამოქმედეთ და ამის გამო, სხვა ნაბიჯებს ვერ გადავდგამთო. გვეუბნებიან, რომ ჩადებენ ინვესტიციას თუ დარწმუნდებიან, რომ გუნდი გვყავს, ვინც ამაზე იმუშავებს, გუნდი რომ შევადგინო, გვჭირდება პრაქტიკა, პრაქტიკას კი, საწარმოს ამოქმდება ესაჭიროება, სადამდეც ჯერ ვერ მივედით“, - განმარტავს „ფოთი ფაუნდრის“ დამფუძნებელი.

ვახტანგ ალანიას ინფორმაციით, ყველაფერ ამასთან ერთად, სამინისტროს წარმომადგენლობის მიერ საწარმოს შემოწმების შემდეგ კომპანია გაუგებარი მიზეზით 7 000 ლარით დაჯარიმდა, რომლის გადახდის ვალდებულება სასამართლომ უნდა დაადასტუროს.

„24 ივნისს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს კომისიამ საწარმო დაათვალიერა, შეამოწმა (რისი ვიდეო მასალაც მაქვს) და დაწერეს, რომ ქარხანა წარდგენილი გზშ-ის შესაბამისადაა მოწყობილი: ნარჩენების შესანახი ადგილი, ჰაერის ფილტრები, გარემოს დაცვის მიმართულებით ჩატარებულია უსაფრთხოების ღონისძიებები და ა.შ. 10 ივლისს კი, სამინისტროს წარმომადგენელმა დამირეკა და მითხრა, რომ კომპანიაზე 7 000 ლარის ოდენობით ჯარიმა გამოიწერა, რის საფუძვლადაც საწარმოო პროცესის განხორციელება დაგვისახელეს, რაზეც მიიღეს პასუხი, რომ ჩვენ წარმოება არ გვაქვს დაწყებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩართული იქნებოდა ღუმელი, რომელიც თავადვე შეამოწმეს. ახლა ის ჯარიმა არის სასამართლოში, რაც პროცედურით არის გაწერილი და სასამართლომ უნდა გამოიტანოს დასკვნა გვეკუთვნის თუ არა ჯარიმა“, - აღნიშნა ვახტანგ ალანიამ.

კომპანია უწყებიდან დოკუმენტის დამტკიცებას 13 თვის განმავლობაში ელოდა, რის გამოც საპილოტე პროექტის ამოქმედება დღემდე ვერ მოახერხა. ვახტანგ ალანია ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში კომპანია სამინისტროდან პასუხსაც ვერ ღებულობდა, რატომ ჭიანურდებოდა დაკუმენტის დამტკიცება. მისივე ინფორმაციით, უწყებიდან დღეს მიიღეს ცნობა, რომ გზშ-ის დოკუმენტს, მინისტრის მოადგილის შემდეგ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმაც მოაწერა ხელი.

ბიზნესმენი ამბობს, რომ საქმის გაჭიანურების გამო, მისი რეპუტაცია ეჭვის ქვეშ, არამხოლოდ ბრიტანელ პარტნიორებთან, არამედ საექპორტო ქვეყნებში არსებულ ბიზნეს სუბიექტებთანაც დგება.

„ყველაზე მთავარი უცხოელი პარტნიორების ნდობაა; როდესაც ჩვენ ვთანხმდებით  1 წლით ადრე, რომ მოვამარაგებთ პროდუქციით, ისიც გეგმავს თავის საქმიანობას და გამოგვდის რომ ვატყუებთ, იმას ხომ ვერ ავუხსნით რომ მინისტრის მოადგილემ დაგვიანებით მოაწერა ხელი თუ მინისტრი ხელს არ აწერს ერთ კონკრეტულ დოკუმენტს?! ეს ახსნა არ არის. ამიტომ ჩნდება ძალიან დიდი უნდობლობა, რაც ბიზნესში პრობლემებს აჩენს. ამით არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოც კარგავს რეპუტაციას, მით უფრო ასეთ რთულ პერიოდში როდესაც პანდემიის შემდეგ ინვესტიციების მოზიდვა გართულებულია და სახელმწიფო ყველანაირად უნდა უწყობდეს ხელს კერძო სექტორს, აამოქმედოს რაც შეიძლება მეტი საწარმო და დაასაქმოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი“, - აღნიშნავს ვახტანგ ალანია.

ბიზნესმენი ამბობს, რომ საწარმოს პროექტის მიხედვით, სრულად ამუშავების შემთხვევაში 30 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც ფოთში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს.

ინვესტორის პრეტენზიებთა დაკავშირებით, BM.ge სამინისტროსაც დაუკავშირდება და მათ პოზიციასაც შემოგთავაზებთ.