25.სექტემბერი .2019 14:47

რატომ შეფერხდა კიკვიძის ბაღში სამუშაოები? - კომპანიის პასუხი კალაძეს

views 14093
უკან

"იყო დღეები, როცა ობიექტური მიზეზების გამო ვერ ვმუშაობდით", - ასე პასუხობს კომპანია "ინშაათ საქართველოს" ხელმძღვანელი თბილისის მერის კახა კალაძის კრიტიკას, რომ კიკვიძის ბაღში სამუშაოები ზოგიერთ დღეებში შეჩერებულია, რაც მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

სწორედ "ინშაათ საქართველოა" კომპანია, რომელიც 4.5 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოებს კიკვიძის ბაღში აპრილიდან ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი შოთა ბაღათურია აცხადებს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მათი გაჩერების მიზეზი, მათ შორის, ამინდი გახდა.

"გვქონდა შემთხვევები, როცა ობიექტური მიზეზების გამო გაჩერებული იყო სამუშაოები. რამდენიმე დღე იყო ასეთი. მივიღეთ შენიშვნა და გავითვალისწინებთ აუცილებლად. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, ობიექტზე მობილიზებებულია 2 ათეული მექანიზმი, მუშახელი, ვთვლით, რომ ვადებში ჩავეტევით... იყო რაღაც საკითხები გადასაწყვეტი. ამ ტერიტორიაზე უამინდობის პერიოდში შეუძლებელია მუშაობა. ხელის შემშლელი გარემოება დღეს აღარ გვაქვს",-აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ დაგვიანებული და გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო კონტრაქტორი კომპანიები თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკრიტიკა.

კალაძე კონკრეტულად 2 პროექტს შეეხო, ესენია გლდანში, ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები და კიკვიძის ბაღში მიმდინარე სამუშაოები.

კალაძე ამბობს, რომ თუ სამუშაოები დროულად არ დასრულდება და კიდევ ერთხელ მოხდება შემთხვევა, როცა ადგილზე ტექნიკა გაჩერებულია და არავინ მუშაობს, კომპანიებთან ხელშეკრულებები შეწყდება.

დედაქალაქის მერის თქმით, ადგილობრივი კომპანიების ნაწილს მშენებლობის კულტურა არ აქვთ.

“მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. განსხვავებული მიდგომები აქვთ. აქვთ სამშენებლო კომპანია, რაღაც ერთ გზას დააგებენ, "ჯიპს" იყიდიან და ამით ჰგონიათ, რომ “ვსო”, უკვე მაგარი კომპანია აქვთ, აწყობილი აქვთ ყველაფერი... მიდის მერე პირამიდებით, რაღაცეებს მაიმუნობენ... სამუშაოს ვერ შეასრულებს, მერე ვინ არის დამნაშავე? საზოგადოებას არ აინტერესებს კონტრაქტორია დამნაშავე თუ სხვა. პასუხისმგებელი ხარ შენ - დედაქალაქის მერია და შესაბამისად, ჩვენს მიმართ აქვთ პრეტენზიები”, - განაცხადა კალაძემ.

მანვე მოუწოდა შესაბამის პირებს, ორივე კომპანია მერიაში დაიბარონ.

“დაიბარეთ ეს ორივე კომპანია და ბოლო გაფრთხილება მიეცით, ბოლო-ბოლო ჩამოვიყვანთ უცხოელებს და ვანახებთ როგორ უნდა განხორციელდეს ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები”, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა