მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიძინა CBS ჯგუფმა „ვიონი საქართველოს“ 100%-იანი წილი? - ხვიჩა მაქაცარიას პასუხი

63baa54c11b74
თათია კაკიაშვილი
08.01.23 15:51
3999
2022 წელს საქართველოს ერთ-ერთ მთავარი ბიზნეს მოვლენად CBS ჯგუფსა და Letter One-ს შორის შემდგარი გარიგება იყო, რომლითაც ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ბიზნეს ჯგუფი Beeline-ს, იგივე “ვიონი საქართველოს“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. თავად ბიზნესმენის თქმით, Letter One-თან მოლაპარაკებები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, გარიგება კი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას დასრულდა. მანამდე ხვიჩა მაქაცარია „ბილაინში“ აქციების მეხუთედს ფლობდა.

რატომ შეიძინა ხვიჩა მაქაცარიამ „ბილაინის“ 100%-იანი აქტივი - ამ კითხვას BMGtv-ის რუბრიკა „თიბისი კონცეფტში“ თავად CBS ჯგუფის დამფუძნებელმა უპასუხა, რომ მას წლების განმავლობაში ბიზნესის საქართველოში განვითარების მიზანი ჰქონდა.

„დიდი ხნის განმავლობაში ამ კომპანიაში მინორიტარულ წილს ვფლობდი. კომპანიის განვითარების შესახებ ჩემი ხედვები მქონდა და კომპანიაზე არანაირი გავლენა არ მქონდა, რადგან მინორიტარი ვიყავი. მე ჩემი ხედვა მქონდა, იმათ - თავისი. მათთვის ეს ექსპერიმენტალური რაღაც იყო, ჩემთვის კი ბიზნესი იყო საქართველოში და სულ სხვა ხედვა მქონდა. მათ სულ სხვა იდეები აწუხებდათ. ბოლოს დავარწმუნეთ, რომ ეს კომპანია ჩვენ უნდა გვეყიდა“.

CBS ჯგუფის ფინანსურმა დირექტორის თამარ გახარიას თქმით კი მოლაპარაკების პროცესში უამრავი გარდამტეხი პერიოდი იყო, რომელიც საერთაშორისო არბიტრაჟშიც კი გადაიზარდა. თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი CBS ჯგუფის სურვილის მიხედვით დასრულდა.

„ჩვენი პორტფელი, რომელიც გაერთიანებულია ძირითადი აქციონერის ქვეშ, მუდმივად ცვალებადია. ეს პროცესი არ იწყება და არ სრულდება, კომპანიების შემადგენლობა იცვლება იმ თვალსაზრისით, რომ ვყიდით და ვყიდულობთ კიდეც. 2022 წელს ჩვენ გავაკეთეთ მიმართულებების პრიორიტეტების მიხედვით დაყოფა, რომელიც რამდენიმე ბიზნეს სფეროს მოიცავს. ასეთებია: ენერგეტიკა, ტელეკომი და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ვკონცენტრირდეთ,“ - განმარტა თამარ გახარიამ.

„ბილაინთან“ მიმართებით 2023 წლისთვის საკმაოდ კარგი გეგმები გვაქვს. მთავარი მიზანი ხარისხის გაუმჯობესებაა, მეორე - უნდა გავაფართოვოთ ქსელი და მესამე - რებრენდინგი განვახორციელოთ - ეს სამი ძირითადი აქცენტი გვაქვს წელს დასმული“, - განაცხადა ხვიჩა მაქაცარიამ და დასძინა, რომ ამ გეგმების შესრულებას CBS ჯგუფი „თიბისი ბანკთან“ პარტნიორობით აპირებს.