მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიქმნა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე დეფიციტი - NCDC-ის განცხადება

60d19d1c665dd
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.21 12:23
1214
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე შექმნილი დეფიციტის შესახებ უწყების განცხადებას აჟღერებს.

NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვაქცინაციის დოზების დეფიციტი ლოგისტიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული და ამაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დოზების "გაქრობასთან" დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია. თუმცა, აცხადებს რომ ეს არ არის ის შემთხვევა, რითიც ადამიანთა ჯანმრთელობას ზიანი შეიძლება მიადგეს. 

„30 ივნისამდე ჩაწერილი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 5 000-მდე იყო. პირველ დოზაზე ჩაწერილი იყო დაახლოებით 1 250, ხოლო დანარჩენები მეორე დოზაზე იყვნენ ჩაწერილები.

დეფიციტი ძირითადად რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიქმნა, რადგან ყველაზე მეტ აცრას ეს კლინიკები ახორციელებენ. ამ საკითხთან მიმართებით მოკვლევა კიდევ მიმდინარეობს, იყო გარკვეული ლოგისტიკური ნაკლოვანებები, ამ პასუხისმგებლობას დაავადებათა კონტროლის ცენტრიც იზიარებს, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ადამიანთა ჯანმრთელობას ზიანი მიადგეს.

ჩვენი განცხადებაა: ვსარგებლობთ შემთხვევით და პირველ რიგში მადლობა გვინდა გადავუხადოთ მოქალაქეებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით გამოჩენილი აქტიურობისთვის. დღეისთვის უკვე 235 ათასზე მეტი აცრაა ჩატარებული და სრულად 82 ათასზე მეტი მოქალაქეა აცრილი. აცრებზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს მთავრობასა და ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და კოვაქვს პლატფორმასთან შეთანხმების საფუძველზე, ივლისიდან დაგეგმილია 3 მლნ დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება ქვეყნისთვის. ამასთან, კოვაქს პლატფორმით შესყიდული „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო, აღნიშნული ვაქცინის პირველ დოზაზე და რევაქცინაციის მიზნით პირველი აცრიდან 10 კვირამდე მეორე დოზაზე რეგისტრირებული მოქალაქეების აცრა მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში ვერ ხორციელდება.

ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჰქონდათ დაგეგმილი უახლოეს პერიოდში აცრის საშუალება მიეცემათ, რაზეც დამატებით განმარტება გაკეთდება. ამასთან, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც რევაქცინაცია 10-12 კვირის განმავლობაში ჰქონდა დაჯავშნილი, მათ მიერ შერჩეულ თარიღში შეფერხების გარეშე შეძლებენ აცრას. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი უხერხულობისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც რევაქცინაციაზე 10-12 კვირის განმავლობაში იყო ჩაწერილი, აიცრებიან, ხოლო ვინც 4დან 10 კვირის განმავლობაში არიან ჩაწერილები მათ დალოდება მოუწევთ.

„ჩვენ პირველი დოზით ვინც იყო ჩაწერილი ასეთი დაახლოებით 1 200 მეტი ადამიანია, მათ ვაქცინაციას, დღეს ვმუშაობთ unicef-თან, რომ დაგვიზუსტონ როდის იქნება მოწოდებული 43 000 დოზა და იმის მიხედვით დავგეგმავთ. მაგრამ ალტერნატიულად პირველ დოზაზე ჩაწერილებს შეიძლება „სინოფარმით“ ან სინოვაკით აცრა შევთავაზოთ. ვინც ჩაწერილია და მათ აქვთ მეორე აცრა 10-12 კვირის ფარგლებში ყველა ეს ადამიანი აიცრება, რადგან 1 600-მდე დოზა ქსელში გვაქვს. ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი აცრიდან 4-დამ 10 კვირამდე მათ ოდნავ მოთმინებას ვთხოვთ. მათ დამატებითი ინფორმაცია მაშინ მიეწოდებათ როგორც კი გვექნება ინფორმაცია როდის შემოვა დამატებითი „ასტრაზენეკას“ დოზები“, - აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

მან თქვა, რომ 22 ივნისს ვაქცინის შემოსვლის გარკვეული გარანტია იყო, ამიტომ ჯავშნები ივნისის ჩათვლით იყო გახსნილი.
„ლოგისტიკურ საკითხთან დაკავშირებით იყო პრობლემები და ამაზე მოკვლევა მიმდინარეობს, ერთადერთი ჩვენ გვქონდა მონაცემები რომ ქსელში ვაქცინის უფრო მეტი დოზა იყო, სინამდვილეში ეს ... ვაქცინების დოზები არ დაკარგულა და ეს შეიძლება აღრიცხვის პრობლემა იყო, მიმდინარეობს მოკვლევა და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგა. მაისის ბოლოს შემოსული დოზები არ გაფუჭებულა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ყველაზე მეტი დანაკარგი „ასტრაზენეკაზე“ გვაქვს. რადგან „ასტრაზენეკა“10 დოზიან ფლაკონებშია, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით. ასტრაზენეკაზე 3%-იანი დანაკარგი გვაქვს.

ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში მოხდება მოწოდება და რისკები არ დადგება რომ 12 კვირის ზემოთ რომელიმე ადამიანს გადაუვადდეს და ვაძლევთ გარანტიას, რომ ვაქცინა 12 კვირის ვადაში გაუკეთდებათ“, - განმარტა გამყრელიძემ.