მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეირჩა ვაზიანი ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის და რამდენად უსაფრთხოა ლოკაცია?

647de272b9d4c
ვიქტორია მღებრიშვილი
05.06.23 17:28
1265

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა მანამდე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ახალი აეროპორტის ვაზიანიას ყოფის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე მშენებლობის გეგმის შესახებ. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოების რესურსი შეზღუდულია, ამიტომ მთავრობას ახალ აეროპორტის აშენების სურვილი აქვს. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სხდომის შემდეგ კი აღნიშნა, რომ საერთაშორისო ექსპერტების მიერ ვაზიანის ტერიტორიის მოკვლევის შედეგების მიხედვით ხელისუფლება ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყებას 2024 წლის დასაწყისიდან გეგმავს. პროექტის დასრულება კი 3-4 წელზეა გათვლილი.

რატომ შეირჩა ვაზიანი აეროპორტების ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და რამდენად უსაფრთხოა ძველი სამხედრო აეროდრომის ტერიტორია უსაფრთხოების კუთხით პროექტის განხორციელებისთვის - ეს კითხვები bm.ge-მ ეკონომიკის მინისტრს დაუსვა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ახალ აეროპორტში მაქსიმალურად გამართული და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა სურს.

„ვაზიანის აეროპორტი უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი მიმზიდველი ოფციაა. ტრადიციულიც არის ეს მდებარეობა. აეროდრომი იმიტომ იყო იმ ლოკაციაზე, რომ სანავიგაციო კუთხით ბევრი უპირატესობა გააჩნია. ახალ ლოკაციას ბევრი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის ქალაქის განვითარების კუთხით. ასე რომ როდესაც ახალ აეროპორტზე ან აეროპორტის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ძალიან ბევრ ეკონომიკურ საკითხს ვითვალისწინებთ, მათ შორის ურბანული განვითარების კუთხით, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომელიც აეროპორტმა უნდა გააჩინოს. ჩვენ არ ვსაუბრობთ საავიაციო ინფრასტრუქტურაზე, რადგან აეროპორტი ეკოსისტემაა, სადაც ბიზნესის განვითარება, სატვირთო და ლოგისტიკური ოპერაციები ხორციელდება. ამიტომ ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე რომ საქართველო გარკვეულად უნდა იყოს ლოგისტიკურად რეგიონული ჰაბი და ვისაუბროთ სატრანზიტო ფრენებზე, მათ შორის კარგო ოპერაციებზე, ჩვენ ამისთვის განვითარების სივრცე და დიდი ეკონომიკა გვჭირდება. საბოლოოდ ეს არის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ელემენტი და ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილება. ეს კვლევები კითხვებზე პასუხებს მოგვცემს და უახლოეს მომავალში საზოგადოება ინფორმირებული იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით მსოფლიოში არსებობს სამხედრო და სამოქალაქო აეროპორტების ერთ ადგილზე ოპერირების გამოცდილება.

„სამხედრო აეროპორტის რამდენიმე ოფცია არსებობს. ბევრ აეროპორტში ეს კომბინირებულად არის, სადაც სამხედრო ნაწილია სამოქალაქო ავიაციის გვერდით, ასე რომ კომბინირებულად შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კვლევების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.