მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიზღუდა ტელევიზორის თუ ავეჯის გაყიდვა? - ბექა ფერაძე შეზღუდვის ლოგიკას განმარტავს

5fce04ade1267
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.20 14:50
1631
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა გასულ კვირას რიგ სავაჭრო ობიექტებში გადაღებულ ფოტოებს, სადაც ნაჩვენებია, რომ სავაჭრო სივრცეებში იყიდება საყოფაცხოვრებო ქიმია, მაგრამ, მაგალითად, საახალწლო აქსესუარების რეალიზება იკრძალება.

საკითხთან დაკავშირებით 30 ნოემბერს ბექა ფერაძემ BM.GE-ის კითხვებსაც უპასუხა და განმარტა, რომ შეზღუდვები მსხვილი და წვრილი პროდუქციის მიხედვით მოქმედებდა, თუმცა მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ეს მკაფიოდ არ იკითხებოდა. დღეს კი საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე საუბრისას ის აცხადებს, რომ საქართველო ამ მხრივ ლოიალურია და აღნიშნული გადაწყვეტილება მაღაზიაში მომხმარებლის დაყოვნების დროიდან გამომდინარე გაკეთდა.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ნებადართულია მხოლოდ სურსათის, ცხოველის საკვების, საყოფაცხოვრებო ქიმიის ჰიგიენის და აგროქიმიკატების რეალიზება; სხვა მიმართულებით კი, გარკვეული შეზღუდვებია. მიზანი მობილობის მაჩვენებლის შემცირებაა, რაც დროის გარკვეულ მონაკვეთში ინფიცირების მაჩვენებლის კლებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ შეიზღუდა ტანსაცმლის, მსხვილი ტექნიკის თუ ავეჯის გაყიდვები. ამან სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თითქოს ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს მთავრობამ მიიღო", - განაცხადა შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მან არგუმენტად საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის მაგალითები მოიყვანა და შესაბამისი ფოტო მასალა წარმოადგინა.  

"აბსოლუტურად ყველა ევროპულ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება სხვადასხვა პროდუქტებსა თუ ნივთებზე. მესმის, რომ ეს მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შემქმნელია, მაგრამ ჩვენ ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს. სხვა ბევრ ევროპულ ქვეყანაში პროდუქტებია ჩამოთვლილი, რომლის რეალიზება სასურსათო მაღაზიებშია შესაძლებელი. ჩვენ გაცილებით მსუბუქი მიდგომა ავირჩიეთ და შეზღუდვები მხოლოდ და მხოლოდ მსხვილი მიმართულებით გვაქვს - ტექნიკა, ტანსაცმელი, ავეჯი... შეზღუდვები ამ მიმართულებით დავაწესეთ ანუ შეზღუდულია ისეთი პროდუქტები, რომელიც ადამიანის ქცევაში გულისხმობს ხანგრძლივ დაყოვნებას. ტელევიზორის ან კომპიუტერის შეძენისას ტექნიკური მახასიათებლების განხილვა მოითხოვს დაყოვნებას, ასევე, ტანსაცმლის შერჩევა დაკავშირებულია ხანგრძლივ დაყოვნებასთან და მიზანი სწორედ ეს არის, რატომაც მათი რეალიზაცია შევზღუდეთ. სხვა მხრივ, ლოიალური მიდგომები გვაქვს და სხვა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა არ აგვიკრძალავს. მინდა, საზოგადოებამ შეზღუდვების მიზანი სწორად აღიქვას", - განმარტა ფერაძემ.