13.აგვისტო .2020 13:35

რატომ შემცირდა იმპორტი მეორე კვარტალში - სებ-ის განმარტება

views 416
უკან

მეორე კვარტალში იმპორტი დაახლოებით 33%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

ეროვნული ბანკის შეფასებით, იმპორტის შემცირება ტურიზმის მაჩვენებლების კლებამ და ამ კუთხით არსებულმა პროგნოზებმა გამოიწვია.

„ჩვენი ძირითადი დაშვება იმპორტის შემცირების მომდინარეობს ტურიზმიდან, ანუ ტურიზმის მოხმარების დაახლოებით 40%-ი არის იმპორტი, შესაბამისად ერთი არის ის, რომ უკეთესი დინამიკა გვაქვს იმპორტში ვიდრე მანამდე იყო, მაგრამ მეორე მხრივ გაუარესდა ტურიზმის მაჩვენებლები. ჩვენ ადრე მოველოდით ტურიზმის 70%-იან შემცირებას და მოველოდით, რომ სექტემბრიდან დაიწყებოდა გარკვეული აღდგენა. ახლა ველით უკვე, რომ ტურიზმის აღდგენა იქნება 2021 წლის მეორე კვარტლიდან და შესაბამისად ტურიზმის შემოსავლები უფრო მეტად შემცირდა და შესაბამისად მოვახდინეთ იმპორტის პროგნოზის ცვლილებაც“, - განმარტა არჩილ მესტვირიშვილმა.

ცნობისთვის, სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, შემცირებული საგარეო აქტივობისა და სუსტი შიდა მოთხოვნის შედეგად, მეორე კვარტალში საქონლის იმპორტიც მნიშვნელოვნად შემცირდა.

ჯამურად, 2020 წლის მეორე კვარტალში საქონლის იმპორტმა წლიურად 32.8%-ით იკლო. რეგიონის ქვეყნებიდან იმპორტი უმეტესად შემცირებულია თურქეთიდან. იმპორტის კლება გაგრძელდა აშშ-დან და ჩინეთიდან. ამის საპირისპიროდ, რეგიონის ქვეყნებიდან იმპორტი უმეტესად გაზრდილია სომხეთიდან ძვირფასი ლითონების, ასევე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების შემოტანის გამო, რომელიც რეექსპორტისთვისაა განკუთვნილი.

ამასთან, მონეტარულ პოლიტიკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მარტში, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვისა და ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრების ფონზე, როგორც მოსალოდნელიც იყო, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ კლება მეორე კვარტალშიც განაგრძო. მთლიანობაში, მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 94.3%-ით შემცირდა. ვიზიტორების შემცირებული რაოდენობის ფონზე, საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავლები წლის მეორე კვარტალში წლიურად 96.7%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ვიზიტორების რაოდენობის მსგავსად, საზღვრების ყველა ქვეყანასთან გახსნამდე და მსოფლიო ტურიზმის გააქტიურებამდე მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავლები მინიმალური იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა