17.აგვისტო .2019 13:15

რატომ შემცირდა რუსეთში ღვინის ექსპორტი? - მინისტრის მოადგილის განმარტება

views 369
უკან

2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შეადრებით (4 542 496) 21.8%–ით შემცირებული მაჩვენებლია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი bm.ge-ისთან განმარტავს, რომ რუსულ ბაზარზე ღვინის ექსპორტის შემცირება, ზოგადად, ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებით არის განპირობებული.

ამასთან პავლიაშვილი აღნიშნავს, რომ რამდენიმე ღვინის კომპანიას ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა რუსულ ბაზარზე და მოხდა ღვინის გარკვეული პარტიების უკან გამობრუნება, თუმცა იმდენად მცირე მოცულობებზეა საუბარი, რომ ამას ექსპორტის მაჩვენებელზე გავლენა არ შეიძლება ჰქონოდა.

„ჩვენ ახალ ბაზრებს ვითვისებთ. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემები იყო რუსულ ბაზარზე, თუმცა რამდენიმე კომპანის ჰქონდა ხარისხის პრობლემა. ზოგადად, რუსეთის ბაზარი არ არის ჩვეთვის სტაბილური პარტნიორი, ამიტომ ასეთ რყევებს უნდა ველოდოთ. ის, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ექსპორტზე, ეს გამორიცხულია.

სამაგიეროდ, ნახეთ სხვაგან გაიზარდა ექსპორტი. ამერიკაში გაზრდილია ექსპორტი, ჩინეთში გაზრდილია, რატომ არ ფიქრობთ რომ ამის ხარჯზე შეიძლება იყოს შემცირება.
ასევე იაპონიაში დავიწყეთ გატანა, სამხრეთ კორეაში გადის ღვინის გარკვეული რაოდენობა. ძალიან მაგარი ბაზრების დივერსიფიცირება წავიდა მიმდინარე წელს, ჯერჯერობით ის, რომ სადმე გაჩერებულიყო და რაღაცა უარი ეთქვათ, ეს არ ყოფილა. რუსულ ბაზარზე იყო ცოტა შემთხვევა უკან გამობრუნების, სადაც ხარისხის პრობლემა იყო“-აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ bm.ge-თვის მოწოდებული ინფორმაციით, ივლისში, ღვინის 10 უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურება:

1. რუსეთი 3,550,264 (ბოთლი)
2. უკრაინა 1,140,816
3. ჩინეთი 695,560
4. პოლონეთი 429,192
5. ყაზახეთი 246,300
6. ლატვია 163,434
7. ბელორუსია 119,886
8. ლიტვა 57,612
9. მოლდოვეთი 54,372
10. იაპონია 41,906

რაც შეეხება მიმდინარე წლის 7 თვის ჯამურ მონაცემებს, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის 2%–იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც 29 132 711 ბოთლი შეადგინა. ამ შედეგით, რუსეთი ქართველი მეღვინეებისთვის კვლავ ნომერ პირველ საექსპორტო ბაზრად რჩება.

ამასთან, 7 თვის ჯამური მონაცემებით, რუსეთის შემდეგ, ექსპორტირებული ქვეყნების ათეულში მეორე ადგილზეა უკრაინა (4893304), რომელსაც ჩინეთი (4249687), პოლონეთი (2250994), ყაზახეთი (1902618), ბელარუსი (1008888), ლატვია (841236), აშშ (388038), ლიეტუვა (372918) და ესტონეთი (357866) მოსდევს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა