მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შემცირდა საქართველოს სავალუტო რეზერვები? - მიზეზი 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაა

5dc8198d719fd
შოთა ტყეშელაშვილი
10.11.19 17:56
2339
2019 წლის ოქტომბერში საქართველოს მთლიანი სავალუტო რეზერვები $216 მილიონი დოლარით, $3.38 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ეს 2019 წლის განმავლობაში რეზერვების მინიმალური დონეა. 

რეზერვების ასეთი შემცირება კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემსუბუქებას უკავშირდება. 2019 წლის მარტში სებ-მა ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში კომერციული ბანკებისთვის ერთ წლამდე, უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის მაჩვენებელი 30%-მდე გაუზარდა. ეს გადაწყვეტილება ბანკებისთვის უცხოური ვალუტის რესურსის მოზიდვის გაძვირებას და მასთან მიმართებით ლარის შედარებითი უპირატესობის გაზრდას ისახავდა მიზნად. თუმცა, 2019 წლის 2 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა მის მიერ გაზაფხულზე მიღებული გადაწყვეტილება შეაბრუნა და მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5 პროცენტული პუნქტით, 25%-მდე შეამცირა. ამ გადაწყვეტილების შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი და ის კერძო სექტორის დაკრედიტების ზრდას შეუწყობს ხელს. 

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ძალაში 2019 წლის 17 ოქტომბერს შევიდა.


 

რა არის სავალუტო რეზერვი?

სავალუტო რეზერვები ქვეყნის ეკონომიკის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. ეს თანხა არის ის სიმდიდრე, რომელიც ეკონომიკური კრიზისების, საგარეო ან საშინაო შოკების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკას იცავს და მისთვის ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებს. სავალუტო რეზერვების მოცულობა ამასთანავე ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია - თუ მისი მოცულობა ადეკვატურია, ეს ინვესტორებისა და საერთაშორისო კრედიტორებისთვის ნათელი სიგნალია, რომ ქვეყანაში საქმიანობა შედარებით დაბალ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, სავალუტო რეზერვები პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის საკრედიტო რეიტინგსა და ინვესტორთა ნდობასთან. 

მეტიც, ის მოლოდინების ჩამოყალიბებაზეც ახდენს გავლენას. თუ საფინანსო სექტორი ხედავს, რომ რეზერვების მოცულობა მცირეა ან სახელმწიფო მის ადეკვატურად გამოყენებას ვერ ახერხებს, მაშინ იმის ალბათობა, რომ თუნდაც მცირე კრიზისი გამწვავდეს და ეკონომიკურ რეცესიაში გადაიზარდოს, მაღალია.

საიდან ივსება საქართველოს სავალუტო რეზერვები?

დავუშვათ, რომ თქვენ ქართულ ბანკში ერთი წლის ვადით $1000-ის დეპოზიტი გახსენით, რომლის საპროცენტო სარგებელიც 3%-ია. დეპოზიტის გახსნის დროს, ბანკს ფულს ასესხებთ, რომელიც მან სარგებელთან ერთად უკან უნდა დაგიბრუნოთ. ამის შესასრულებლად, ბანკი თქვენ მიერ დეპოზიტის სახით შეტანილ თანხას გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, სესხად გასცემს. დავუშვათ მას წლიურ 8%-ად აძლევს კომპანიას, რომელიც ქვეყნის რეგიონში ჰიდროელექტროსადგურს აშენებს. 

კომერციულ ბანკს მთელი ამ პროცესის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების დაკმაყოფილება უწევს. ამ წესებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნებია. თქვენ მიერ ბანკში დეპოზიტის სახით მიტანილი $1000 დოლარიდან, $250-ის ანუ 25%-ის, ექვივალენტი თანხა ეროვნულ ბანკში, კონკრეტული კომერციული ბანკის სახელზე გახსნილ ანგარიშზე უნდა შეინახოს. 

სწორედ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის სახით კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში განთავსებული დეპოზიტები წარმოადგენენ საქართველოს სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვან ნაწილს. დღეს ეს მთლიანი რეზერვების დაახლოებით, ნახევარია. 

1 წლამდე ვადით მოზიდულ უცხოური ვალუტის სახსრებზე რეზერვის მოთხოვნა 25%-ია, ხოლო 1-დან 2 წლამდე ვადით მოზიდული აქტივებისთვის - 10%. სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებით ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა იქონიოს ბანკების მიერ დაკრედიტების მოცულობაზე და საპროცენტო განაკვეთებზე. მაგალითად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდა აძვირებს ბანკებისათვის რესურსის მოზიდვის ხარჯებს, რაც შესაბამისად, იწვევს გაცემულ უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც. 

მეორეს მხრივ, სებ-ი ვალდებულებასაც იღებს რეზერვების სახით განთავსებულ აქტივებს გარკვეული საპროცენტო სარგებელიც დაარიცხოს. დოლარზე ეს განაკვეთი FED-ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მინუს 2%-ია, რაც დღეს 0.25%-ს შეადგენს.