მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შემოაქვს საქართველოს „სინოფარმის“ 100,000 დოზა საერთაშორისო აღიარებამდე? - განმარტება

6062f09b69007
თათია ჩაფიჩაძე
30.03.21 13:32
2605
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მომავალ კვირაში საქართველოში 100,000 დოზა ჩინური ვაქცინა შემოვა. მინისტრი აცხადებს, რომ „სინოფარმის“ ვაქცინა ამ ეტაპზე "უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული". „ჯანმო-სთან გვაქვს კონსულტაცია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, დაველოდოთ ჯანმოს აღიარებას თუ მოვიქცეთ უნგრეთის მსგავსად და დავიწყოთ ვაქცინაცია. ამ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით“, - განაცხადა ტიკარაძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

რატომ შემოაქვს საქართველოს ჩინური ვაქცინა თუ მას, ჯერჯერობით, ჯანმოს, ასევე ევროკავშირის და FDA-ის ავტორიზაცია არ აქვს და შესაბამისად, მათ მიერ არაა აღიარებული? - მედიის ამ კითხვას პასუხი NCDC-ის ხელმძღვანელმა გასცა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, „საქართველოს კანონში არის ჩანაწერი, რომელიც ევროკავშირის მარეგულირებლების მიერ აღიარებული მედიკამენტების შემოტანის საშუალებას იძლევა და მათ შორის არის უნგრეთიც“.

„პირველი - „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები რიგში დგანან და მალე მიიღებენ ჯანმოს აღიარებას, მეორე - საქართველოს კანონში არის ასეთი მუხლი, რომ საქართველოს შემოაქვს ე.წ. აღიარებითი რეჟიმი და ის ვრცელდება მკაცრ მარეგულირებლებზე, რომლებშიც შედიან ევროკავშირის ქვეყნების მარეგულირებლები და მათ შორის არის უნგრეთის მარეგულირებელიც. ამიტომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მას მალე ექნება ჯანმოს აღიარებაც; თვითონ „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. ამ ვაქცინით აცრილია სულ მცირე 70 მლნ ადამიანი. მათ შორის ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და მოგეხსენებათ, სხვადასხვა კვლევებით, ბიოტექნოლოგიური თვალსაზრისით, ჩინეთი კარგი შედეგით ხასიათდება. ის ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა - 5 ვაქცინა აქვს და 2 უკვე გამოიყენება ჩინეთის გარეთ - 40-მდე ქვეყანაში, დამატებით ქვეყნის შიგნით კი, ჩინეთი 3 ვაქცინას იყენებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.