მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შემოგვაქვს ჩინური ვაქცინა? - NCDC-ის ხელმძღვანელის განმარტება

6080256b102c9
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.21 17:31
983
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში საქართველოში, დღეისთვის, სამი წარმოების ვაქცინაა შემოტანილი - AstraZeneca, Pfizer-ი და Sinopfarm-ი, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცხადებული ინფორმაციით, სულ მალე ქვეყანაში ჩინური წარმოების მეორე ვაქცინა Sinovac-იც შემოვა.

ამავე დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამოქმედებული პორტალის მიხედვით, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვაქცინებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირონ და წინაწარ დარეგისტრირდნენ, ყველაზე მაღალი სანდოობით Pfizer-ი და Moderna სარგებლობს, ხოლო ყველაზე დაბალი მოთხოვნა Sinopharm-სა და Sinovac-ზეა.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს ჰკითხეს - რატომ შემოგვაქვს ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის მოცულობითი დოზები, მაშინ როდესაც მოთხოვნა ამ ვაქცინებზე დაბალია, რაზეც NCDC-ის ხელმძღვანელმა ასე უპასუხა:

„დღეს მსოფლიოში, დაახლოებით, 920 მლნ ადამიანია აცრილი, რომელიც, დაახლოებით, ასე ნაწილდება - 200 მლნ-ზე მეტი AstraZeneca-თი აიცრა, 200 მლნ-ზე მეტი -  2 ჩინური ვაქცინით - Sinopharm-ით და Sinovac-ით, 170-180 მლნ - Pfizer-ით, 120 მლნ-მდე - Moderna -თი, 20-30 მლნ მოქალაქე კი აცრილია ინდური წარმოების ვაქცინს „კოვაქსინით“ და ასევე რამდენიმე მილიონი აცრილია რუსული წარმოების „სპუტნიკით“ და სხვა ვაქცინით.

ეს ვაქცინები ინფექციის გავრცელებასთან, ჰოსპიტალიზაციასთან, დამძიმებასთან და სიკვდილიანობასთან მიმართებით სხვადასხვა დამცველობითი უნარით ხასიათდებიან.

სხვადასხვა კვლევებით, ყველაზე მაღალი დამცველობითი უნარი გავრცელებასთან მიმართებით Pfizer-ს აქვს - 95%, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვნახავთ; Moderna-ს - 94%; „Sputnik-ს - 91%; AstraZeneca-ს  – 65%-89%; Sinopharm-ს - 79%-86%; Sinovac-ს - 51%. რაც შეეხება დამძიმებას, აცრილებში ვირუსის განვითარებას და სიკვდილიანობას, ყველა ამ ვაქცინას თითქმის ერთნაირი დაცვა 85%-დან 95%-100%-მდე აქვს.

ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში როგორიც არის ჰონგ კონგი, სინგაპური, არაბეთის გაერთიანებული საამიროები - მცირე რაოდენობით გამოყენებული აქვთ Pfizer-ი, დანარჩენ შემთხვევაში ჩინურ ვაქცინებს იყენებენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.